გაუმჯობესებულ, უსაფრთხო გარემოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, უწყება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, ქვეყანამ უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა ნარკოდანაშაულს, უკანონო მიგრაციას და ორგანიზებულ დანაშაულს. წარმატებას შედეგებიც მოწმობს - გასული წელი რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის უპრეცედენტო მაჩვენებლით დასრულდა. საქმეების 70% გახსნილია. გაიზარდა ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელიც.
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე “კურიერი P.S.-ში” ამბობს, რომ სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს - მომხდარი დანაშაულის 70% გახსნილია.
“ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, 70% მომხდარი დანაშაულის გახსნა, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა და უპრეცედენტო, პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს ისტორიაში. ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი სახე არის ნარკოდანაშაული, ამ მიმართულებითაც პრემიერის დავალებით ყოველდღიური და აქტიური ჩართულობით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. ჩვენ ასევე ნარკოდანაშაულის მიმართულებით საპოლიციო ღონისძიებებთან ერთად პრევენციული სახის ღონისძიებები, სხვადასხვა მექანიზმები და ინსტრუმენტები შევქმენით. ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მიგრაციული პრობლემები, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები განხორციელდა ბოლო თვეების განმავლობაში. გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, წინა წელს 1 311 არალეგალი იქნა ქვეყნიდან გაძევებული. ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველოში იყოს უსაფრთხო გარემო. დღეს ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ქართული პოლიცია და მე მეამაყება თითოეული პოლიციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი”, - განაცხადა გეკა გელაძემ.