საქართველოს პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის ფორმატში საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოში საწვავზე არსებული ფასები და მისი შესაძლო შემცირების რესურსი. გაკეთდა განცხადება, რომ სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები გაცილებით დაბალია, რასაც მათ შორის განაპირობებს აქციზის დაბალი გადასახადი, რომელიც სამჯერ ნაკლებია ევროპულ ქვეყნებში არსებულ ტარიფზე.
მიუხედავად ამისა, ითქვა, რომ ფასების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით დისკუსია შესაძლებელია. მთავრობის მეთაურმა მოისმინა საწვავის კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებები, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება. დისკუსია მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისიის ფორმატში გადაინაცვლებს.
ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ვახტანგ იობაშვილის თქმით, მათი სექტორი მთლიანობაში დამოკიდებულია იმპორტირებულ პროდუქტზე და წინასწარ რამის თქმა და მოვლენების წინ გასწრება არ შეიძლება.
"ყოველდღე იცვლება მსოფლიოს სანავთობო ბაზრებზე ფასები. რა იქნება, როგორ იქნება, რა გამოსავალი იქნება ამას განვსაზღვრავთ. ჩვენ ხომ დამოკიდებული ვართ ყიდვაზე და გაყიდვაზე. ანუ, ჩვენი სექტორი მთლიანობაში არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით პლაცების ფასები რა იქნება იმ დღეს, ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ", - განაცხადა ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვახტანგ იობაშვილმა.