03 აგვისტო 2026,   14:29
ვრცლად
დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე სასჯელაღსრულების დაწესებულებას 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვებს

დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური სასჯელაღსრულების დაწესებულებას ნახევარ მილიონ ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვებს. მოსამართლე ნანა შამათავამ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაოს გადახდას, დამატებითი ღონისძიების სახით კი პასპორტის ჩამორთმევას და საზღვრის კვეთის აკრძალვას ითვალისწინებს.

ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალის ოფიციალური დადგენილება, დღეს, დიღმის მთავარ სამმართველოში გააცნეს. პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, 2022 წელს, სასწრაფო დახმარების ავტომანქანების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, 3 პრეტენდენტიდან კი ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია შეირჩა. ირკვევა, რომ ილია ღუდუშაურმა, რომელიც იმ დროს შესყიდვების კომისიის თავმჯდომარის პოსტსაც იკავებდა, აღნიშნული ტენდერი უკანონოდ შეაჩერა, ახალი კი უკვე შეცვლილი პირობებით გამოაცხადა. ამჯერად ტენდერი სხვა კომპანიების მონაწილეობისა და კონკურენციის გარეშე ჩატარდა, გამარჯვებულად კი წინასწარ შერჩეული კომპანია გამოცხადდა.

კომპანია, რომელთანაც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ხელშეკრულება გააფორმა, "ჯითი გრუპია", რომლის ხელმძღვანელი მოწმის სახით უკვე გამოკითხულია, ხელშეკრულების დეტალებს კი საგამოძიებო უწყება სწავლობს.

პროკურატურის მტკიცებით, ილია ღუდუშაურს "ჯითი გრუპის" ხელმძღვანელ პირებთან პირადი ნაცნობობა აკავშირებდა და ამის მტკიცებულება საქმის მასალებშიც დევს. სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ გამოძიება არაერთი მიმართულებით მიმდინარეობს, საბრალდებო სკამზე შესაძლოა ღუდუშაურთან ერთად სხვებიც აღმოჩნდნენ.

ილია ღუდუშაურს ნახევარმილიონიანი გირაოს უზრუნველსაყოფად 30 დღიანი ვადა აქვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ მაღალჩინოსანს ჯარიმა ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები