დაკეტილი ჯიხურის პატარა ფანჯარა სახრახნისით გახსნეს და სავაჭრო ობიექტშიც შეაღწიეს, სალაროდან თანხა ამოიღეს, შემდეგ დახლებზე განთავსებული სხვადასხვა პროდუქტი ყუთებში ჩაალაგეს და გაიქცნენ - გამოძიების ინფორმაციით, ამ დანაშაულში მონაწილე პირები არასრულწლოვანები არიან.
სავაჭრო ობიექტის გაქურდვას არასრულწლოვნებმა სულ ოთხი წუთი მოანდომეს. ვიდეოკადრები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ვიდეომასალა ორგანიზებული დანაშაულის მთავარი მტკიცებულებაა.
ორგანიზებული დანაშაულის ფაქტზე სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
როგორ მოქმედებდა ორგანიზებული ჯგუფი და ვინ იყვნენ მისი წევრები - სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი სქემა გაშიფრეს.
ჯგუფს ჰყავდა ლიდერი მეტსახელად "მურო", რომელსაც არასრულწლოვნები სხვადასხვა მისამართზე მიჰყავდა და აძლევდა მითითებებს - როგორ შეეღწიათ დაკეტილ სავაჭრო ობიექტებში, მოეპარათ თანხა, საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტები. ის ასწავლიდა, როგორ ემოქმედათ შეუმჩნევლად.
გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფის ლიდერი არასრულწლოვნებს ხშირად ფიზიკური ანგარიშსწორებითაც ემუქრებოდა.
არასრულწლოვნები სალაროებიდან მოპარულ თანხას "მუროს" უნაწილებდნენ, მოპარული პროდუქტი კი გასაყიდად გაჰქონდათ.
წინასწარ ჰქონდათ შერჩეული სავაჭრო ობიექტებიც, სადაც მოპარულ პროდუქტს საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად აბარებდნენ. კადრები სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გადაიღეს. ერთ-ერთი ჯიხური თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარეობს - ობიექტი ამჟამად დალუქულია და პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული. დაკავებულია ორი მოვაჭრე ქალიც.
"კურიერი" დღეს დაზარალებულებსაც ესაუბრა. სავაჭრო ობიექტების მფლობელები აცხადებენ, რომ არასრულწლოვანებმა მათ თანხა და პროდუქცია მოჰპარეს.
გაქურდული ობიექტების რაოდენობა არაერთია. ირკვევა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი სამოქმედო არეალი გარდაბნის რაიონიც იყო. არ არის გამორიცხული, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდოს და სამართალდამცველები დანაშაულში მონაწილე სხვა პირებზეც გავიდნენ.
დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატები საქმის მასალებზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებენ და პოზიციის დაფიქსირებაც არ სურთ.
"კურიერი" იმ მოვაჭრის ინტერესების დამცველსაც ესაუბრა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, მოპარულ პროდუქტს დაბალ ფასებში ყიდულობდა. ქალი დანაშაულს აღიარებს.
ექვსივე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. უახლოეს საათებში ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე. არასრულწლოვანების მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულზე დღის ბოლოს საგამოძიებო უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ჩადენილი დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.