03 აგვისტო 2026,   15:01
ვრცლად
უარი დროებით ღონისძიებაზე - რატომ დამალა საია-მ სტრასბურგის გადაწყვეტილება და რაში ადანაშაულებს ორგანიზაციას მმართველი გუნდი

სტრასბურგის უარი, ენჯეოების დამალული სიმართლე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კითხვა - რამდენად აქვს საია-ს საარჩევნო დავის უფლება?

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაერთიანებულ საჩივრებს სასამართლოში საია კურირებს, თუმცა საქმეს სტრასბურგმა პრიორიტეტი არ მიანიჭია და პროცედურა სტანდარტულად, დაჩქარების გარეშე მიმდინარეობს. ნაწილიბრივი პასუხიც უკვე მოვიდა - სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი დაუშვებლად ცნო. მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა მთავარ მოთხოვნაზეც, რომელიც, დროებითი ღონისძიების სახით, არჩევნების შედეგების გაუქმებას ეხებოდა. ორგანიზაციამ სასამართლოს უარი დამალა. მეტიც - ამტკიცებს, რომ მსგავსი მოთხოვნა მათ არ ჰქონიათ, თუმცა მმართველი გუნდი საია-ს ამხელს და ენჯეოსექტორის ცრუ კამპანიაზე მიუთითებს, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

მმართველი გუნდის განცხადებით, საია-ს მოლოდინი პოსტსაარჩევნოდ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების ცვლილებას უკავშირდებოდა, თუმცა ყველაფერი სტრასბურგის სასამართლოს უარმა შეცვალა, რომელმაც არჩევნების შედეგების შეჩერებაზე მიმართვა არ დააკმაყოფილა. დაუშვებლად ცნო სასარჩელო მოთხოვნების ნაწილიც, ნაწილის დასაშვებობაზე კი ჯერ ისევ მსჯელობს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციისა და ფიზიკური პირების საჩივრებს ერთიანად განიხილავს, რასაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კურირებს. სასამართლოს მხრიდან უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ორგანიზაცია არ საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მიზეზი, რის გამოც საია-მ საკუთარი სამართლებრივი მარცხი დამალა, პოლიტიკური მიზნებია.

სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვდა, ხოლო სტრასბურგს დროებითი ღონისძიების გამოყენებას პარლამენტის პირველ სხდომამდე სთხოვდნენ. მოთხოვნა ევროსასამართლოს მოქალაქეების სახელით წარედგინა.

რატომ არ ეცნობა საზოგადოებას, რომ სტრასბურგმა დროებით ზომად არჩევნების შედეგების შეჩერება არც კი განიხილა - საია ამტკიცებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ორგანიზაციამ ინფორმაცია შეგნებულად დამალა. მათი თქმით, საჩივრები სასამართლოში კოორდინირებულად შევიდა, საპასუხო ინფორმაციას კი სტრასბურგიდან სწორედ საია იღებდა.

ოპოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებების დღესაც უპირობოდ სჯერა. იმავდროულად, ამბობენ, რომ საია-ს და ფიზიკური პირების გაერთიანებული საქმის დეტალებს არ იცნობენ.

სტრასბურგს საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაუწყია, რადგან სასარჩელო მოთხოვნების ნაწილის დასაშვებობის საკითხი გადაწყვეტილი არ აქვს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება დაასრულებს ენჯეოებისა და ოპოზიციის ერთობლივ სპეკულაციურ კამპანიას, რომელიც ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო.

სტრასბურგის სასამართლოში შესული საჩივრების ნაწილი რომ სექციის ვიცე-პრეზიდენტმა უკვე დაუშვებლად მიიჩნია, ეს იუსტიციის სამინისტროსთვის ევროსასამართლოსგან გამოგზავნილი ოფიციალური შეტყობინებით გაირკვა. მომჩივან მხარეს ამაზე არაფერი უთქვამს.

"საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" - საქმეზე მხარეებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეპასუხების ვადა მიმდინარე წლის მაისში აქვთ.

დღის ამბები