03 აგვისტო 2026,   13:53
ვრცლად
დაკავება ყალბი დეკლარაციის ფაქტზე - ფინანსურმა პოლიციამ თურქეთიდან საქართველოსკენ მომავალში სატვირთო, გადამოწმების მიზნით, საზღვარზე გააჩერა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს 2 მოქალაქე, სარფის საზღვარზე, მას შემდეგ დააკავა, რაც უწყებაში სავარაუდო კანონდარღვევის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია შევიდა. ფინანსურმა პოლიციამ თურქეთიდან საქართველოსკენ მომავალი სატვირთო, გადამოწმების მიზნით, საზღვარზე გვიან ღამით გააჩერა. ავტომობილის დათვალიერების შედეგად დაადგინა, რომ ერთ-ერთი კომპანიის სახელით წარდგენილი დეკლარაცია ყალბი იყო, და საქონლის რეალური საბაჟო ღირებულება არა 48 ათას ლარს, არამედ ნახევარ მილიონს შეადგენდა.

კომპანია, რომლის სახელზეც დაკავებულებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს - "შპს მათე და ნიცაა". საჯარო რეესტრის დოკუმენტებით ირკვევა, რომ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი 50 წლის გოჩა ჯინჭარაძეა, რომელიც გუშინ ფინანსურმა პოლიციამ საბაჟო საზღვარზე აიყვანა. ჯინჭარაძემ კომპანია 2020 წლის 4 ნოემბერს, დაბა ჩაქვში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მისამართზე დაარეგისტრირა.

განსასჯელის სკამზე მჯდომი შპს-ს დირექტორი ახლა ბრალის წარდგენის მოლოდინშია. გოჩა ჯინჭარაძე, თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

ბრალის დადგენილებას, სავარაუდოდ, ხვალ გააცნობენ სატვირთო ავტომობილის მძღოლსაც. მანუჩარ შავიშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მხოლოდ დაკვეთა შეასრულა და კომპანიის დამფუძნებელთან კავშირი არ ჰქონია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები წინასწარ შეთანხმებით მოქმედებდნენ, რის გამოც პოლიცია ახლა დანაშაულებრივი ჯგუფის დანარჩენ წევრებს ეძებს.

გოჩა ჯინჭარაძესა და მანუჩარ შავიშვილს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არადეკლარირებული საქონლის შემოტანას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები