თბილისის სააპელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 7 მსჯავრდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს. სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს აქვს გასაჩივრებული.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აქციებზე დაკავებული 11 პირი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ადვოკატის, გუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ ვერც სააპელაციო სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც დაკავებულების ჯგუფურ ქმედებას დაამტკიცებდა.
"მიუხედავად იმისა, როგორი შედეგი დადგა პირველ ინსტანციაში, ბრალდების მხარემ, არათუ პირველ, არამედ მეორე ინსტანციაშიც, ანუ აპელაციაშიც ვერ წარმოადგინა მტკიცებულება - რასაც სასამართლოს და საზოგადოებას ჰპირდებოდა, მთელი 9 თვის განმავლობაში", - განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა.