ბრიუსელი USAID-ის ჩანაცვლებას იწყებს. 8 ნახევარ მილიარდ ევროზე მეტს, ევროკომისია, კონკრეტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად გამოყოფს.
ევროკომისიის მიზნებზე წერს ევროპარლამენტარი კინგა გალი. ევროპარლამენტარი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ დაფინანსების მიმღები სუბიექტები რეალურად არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის მოქმედ ქსელს წარმოადგენენ, რომელიც ევრობიუროკრატიის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, ერევა სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და დემოკრატიულად არჩეული მთავრობების წინააღმდეგ მოქმედება.
ბრიუსელის გეგმებზე საუბრობენ თბილისშიც. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, იძულებულები გახდნენ აშშ-დან შეჩერებული დაფინანსება თავად შეავსონ.
"ევროკავშირის ეს გადაწყვეტილებაც ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ ის დაკლებული დაფინანსება, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან იგრძნეს, იგივე USAID-ის, NED-ის მეშვეობით რაც ფინანსდებოდა, ახლა ისინი იძულებულები გახდნენ, რომ თვითონ შეავსონ. მაგრამ აქ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ისინი თავიანთი ხალხის ფულს იყენებენ ისეთი "ენჯეოების" დასაფინანსებლად, რომლებიც პოლიტიკურ დღის წესრიგს ატარებენ და რამდენიმე თვის წინ ძალიან სერიოზული სკანდალები იყო ამასთან დაკავშირებით ევროკავშირში.
ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ათობით მილიარდი დოლარით ფინანსდებოდნენ და კლიმატის ცვლილების მიმართულებით უნდა ემუშავათ, აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, რომ მთელი ეს ფული წასული იყო პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად, პოლიტიკური აქტივიზმისთვის, ლობიზმისთვის, მემარცხენე იდეოლოგიის გავრცელებისთვის და კონსერვატორული აზრის ჩახშობისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე უფრო მტკივნეული დარტყმა არის ევროპელი ხალხისთვის", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.