10 აგვისტო 2026,   10:27
ვრცლად
ლევან მახაშვილი ე.წ. კამიტით მოწამვლის საქმეზე: ეჭიდებიან ხავსს, ცდილობენ ეს თემა ისევ გაასკანდალონ

"კამიტის" თემის ხელოვნურად გააქტიურების მცდელობა და გარედან მიღებული კიდევ ერთი დაკვეთა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, - ასე აფასებს მმართველი გუნდი აქციის მონაწილეების სოციალურ ქსელებში დაწყებულ კამპანიას და ვიდეო რგოლს, რომელშიც ისინი მათ მოწამვლაზე საუბრობენ და დასავლეთს საქმის გამოძიებაში დახმარებას სთხოვენ.

თბილისში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც დიდი ფინანსური რესურსისა და გარე აქტორების კამპანიის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე გამოძიებამ და მოპოვებულმა მტკიცებულებებმა, ეგრეთწოდებულ კამიტის თემას წერტილი დაუსვა, ახლა ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ახალი აქტივობა დაგეგმეს. იმისთვის, რომ თემამ აქტუალობა არ დაკარგოს, დაიწყო მათივე დავალებით შექმნილი ფილმის პოპულარიზაცია. რომლის ჩვენებაზეც, იანვრის ბოლოს, საერთაშორისო მედიები მოიწვიეს.

ეჭიდებიან ხავსს. ცდილობენ ეს თემა ისევ გაასკანდალონ. დაინახეს, რომ თემა ჩავარდა, საზოგადოებამ არ დაიჯერა, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ე.წ. კამიტით თითქოსდა მოწამვლის თემაზე რადიკალების მორიგ კამპანიას.

მისი თქმით, საზოგადოება მორიგ სიყალბეს არ და ვერ დაიჯერებს და რადიკალები ვერ შეძლებენ ამ თემიდან სკანდალის შექმნას.

"საზოგადოება ვერც დაიჯერებდა იმიტომ, რომ იყო აშკარა ტყუილი და კიდევ ერთხელ ცდილობენ ამ თემიდან ახალი სკანდალის შექმნას. მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოებამ ყველაფერი იხილა, გაიგო. ისიც დაინახა, რომ რეალურად ამ ამბავს იყენებდნენ ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ჰიბრიდული შეტევის ერთ-ერთ კომპონენტად. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვეღარ შეძლებენ მსგავსი ტყუილებით საზოგადოება ემოციებზე წამოიკიდონ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები