19 ივნისი 2026,   09:45
ვრცლად
ნარკოტიკებისა და უკონტროლო იარაღის გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა, თუ მსოფლიოს ყველაზე დიდი ნავთობის საბადოებზე სრული კონტროლის დამყარება? - რა მიზნით განახორციელა შტატებმა სპეციალური ოპერაცია ვენესუელაში

მამაკაცი, რომელიც ნიუ-იორკში, სტიუარტის ეროვნულ ბაზაზე, თეთრი ფერის ბოინგ 757-დან სამხედროებს გადმოჰყავთ, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადუროა. ის ოპერატიული დანიშნულების დანაყოფმა "დელტამ" კარაკასში, თავის ცოლთან ერთად დააკავა. ახლა კი, ორივე ბრუკლინის ციხეში სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია.

ნარკოტერორიზმი, კოკაინის იმპორტი, იარაღის შენახვა და მისი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოყენების შეთქმულება - ბრალის კვალიფიკაცია უკვე ცნობილია. ცნობილია დონალდ ტრამპის პოზიციაც: მადუროების ვენესუელაში დაბრუნება არ მოხდება, ვიდრე ისინი სასჯელს ამერიკის ციხეში სრულად არ მოიხდიან. ასევე, შტატები გადაწყვეტს იმ გუნდის შემადგენლობას, რომელმაც ვენესუელას გარდამავალ პერიოდში უნდა უხელმძღვანელოს.

ნარკოტიკებისა და უკონტროლო იარაღის გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა, თუ მსოფლიოს ყველაზე დიდი ნავთობის საბადოებზე სრული კონტროლის დამყარება? - რა მიზნით განახორციელა შტატებმა სპეციალური ოპერაცია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ჟურნალისტის ამ კითხვაზე პასუხად, ამერიკის ომის დეპარტამენტის მდივანი ამბობს, რომ კარაკასის მხრიდან ვაშინგტონისთვის წლების განმავლობაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება სწორედ ვენესუელური ნავთობის მარაგით უნდა მოხდეს.

მსოფლიოს ნაწილმა ტრამპის ადმინისტრაციის ხისტ ნაბიჯებს კრიტიკით უპასუხა. ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურობენ ჩილე, კუბა და კოლუმბია - ანუ ვენესუელის მეზობელი ქვეყნები. ისინი ახლა პასუხს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან ითხოვენ. მოქმედებისკენ მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობასაც.

30-წუთიან სპეცოპერაციას, რომლის დროსაც მადურო ცოლთან ერთად შტატებში გადაიყვანეს, პარალელურ რეჟიმში კი კარაკასი და ვენესუელის სამხედრო ობიექტები დაიბომბა - უკვე მოჰყვა გამოხმაურებები დასავლურ სამყაროში. ევროპელი ლიდერების ნაწილი ტრამპის ქმედებას გმობს, ნაწილი კი მოვლენების განვითარებას აქტიურად აკვირდება.

ვიდრე ქვეყნები ვენესუელის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აფასებენ, პოლიტიკური ცვლილებები უკვე დაიწყო ოფიციალურ კარაკასში. პრეზიდენტის პოსტი, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დელსი როდრიგესმა დაიკავა. ის 7 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მისი ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა დროებითია, როდრიგესმა არჩევნები უნდა ჩანიშნოს. თუმცა, სანამ ეს მოხდება, ოფიციალური პირები ვაშინგტონისგან კვლავ უიმედოდ, მადუროს და მისი ცოლის კარაკასში დაბრუნებას ითხოვენ.

The New York Times-ის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა. კარაკასში და მის ფარგლებს გარეთ 7-ზე მეტი ობიექტი დაიბომბა. ვაშინგტონი გადაწყვეტილებას სამართლიანობის აღდგენას უწოდებს და ვენესუელიდან შემოტანილი ნარკოტიკით, წლების განმავლობაში ამერიკის მოქალაქეების მკვლელობაზე საუბრობს. შეერთებულმა შტატებმა გუშინდელ ოპერაციას "აბსოლუტური გადაწყვეტილება" უკვე უწოდა.

დღის ამბები