15 აგვისტო 2026,   00:20
ვრცლად
წამოცდენა თუ აღიარება - მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ბაჩო ახალაიამ, 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნით, თვითგადარჩენა სცადა, თუმცა ოპოზიციის დაკავებული ლიდერების ბრალეულობა აღიარა

საკუთარ მონაწილეობას უარყოფს, თუმცა არ უარყოფს, რომ სხვები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ - ბაჩო ახალაიას ეს ინტერვიუ ე.წ. მშვიდობიანი დამხობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში, 9 ოქტომბერს ჩაიწერა - მაშინ, როდესაც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები უკვე დაკავებულები იყვნენ. შეკითხვა სწორედ მურთაზ ზოდელავასა და პაატა ბურჭულაძესთან ერთად პროცესებში მის ჩართულობას ეხებოდა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დაადასტურა, რომ ორივე ბრალდებულთან ახლო კავშირები აქვს, თუმცა განაცხადა, რომ, სხვადასხვა მიზეზით, არცერთთან არაფერს გეგმავდა.

დანაშაულის აღიარება - ასე შეაფასეს 4 ოქტომბრის საქმეზე, აწ უკვე თავადაც დაკავებული ახალაიას ეს განცხადება მმართველ პარტიაში. ინტერვიუს ერთ-ერთი პირველი სოციალურ ქსელში ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.

ინტერვიუს დანარჩენ ნაწილში, ახალაია წუხს იმაზეც, რომ გადატრიალების გეგმა ჩავარდა. ლიდერებს არა, თუმცა აქციის მონაწილეებს გამბედაობას უწუნებს. ყოფილ ძალოვანს მიაჩნია, რომ 4 ოქტომბერს გამარჯვებული ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება დარჩა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ძალოვნების მხრიდან მეტი რადიკალიზმის სურვილი არ უკვირთ. უმრავლესობის თქმით, ფაქტი, რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის შედეგით უკმაყოფილოა, მიუთითებს, თუ რა მიზანი ამოძრავებდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ძალადობრივ პროცესებში.

როგორც ბაჩო ახალაია ცდილობს 4 ოქტომბრის მოვლენებისგან გამიჯვნას, ასევე ცდილობენ თავად ახალაიასგან გამიჯვნას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მათ შორის იმ განცხადებისგანაც, რომელიც აქციის მონაწილეების გამბედაობას ეხებოდა.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ბაჩო ახალაიამ, 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნით, თვითგადარჩენა სცადა, თუმცა ამავე დროს ოპოზიციის დაკავებული ლიდერების ბრალეულობა აღიარა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს, თუმცა არსებული ფაქტები საერთო სურათს უკვე მკაფიოდ აჩვენებს.

ბაჩო ახალიას ინტერვიუ 9 ოქტომბერს ჩაიწერა, თუმცა ის მხოლოდ გუშინ - მისი დაკავების შემდეგ გამოქვეყნდა.

დღის ამბები