15 აგვისტო 2026,   04:45
ვრცლად
პოლიტიკური და ფინანსური კორუფციის მხილება - შალვა პაპუაშვილის ბრალდებები ნინო ლომჯარიას

პარლამენტის თავმჯდომარისთვის შესაძლო კორუფციული ინტერესის მატარებელია ევროკავშირის მიერ გაცემული ყველა ის გრანტი, რომლის მიმღები ორგანიზაციაც გამჭვირვალობაზე უარს ამბობს. შალვა პაპუაშვილს ერთ-ერთ მაგალითად ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი ორგანიზაცია მოჰყავს. ყოფილმა სახალხო დამცველმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა და შალვა პაპუაშვილის, თქმით რამდენიმე კვირაში ევროკავშირისგან სოლიდური დაფინანსება ჯილდოდ მიიღო.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ლომჯარია ყალბი დასკვნების მომზადებაში 2024 წლამდე გაცილებით ადრეც ამხილეს. სწორედ მაშინდელი სახალხო დამცველის მიერ დაკომპლექტებული სპეციალისტთა ჯგუფი პატიმარი პაციენტის შესახებ დასკვნაში წერდა, რომ სააკაშვილს სათანადოდ არ მკურნალობდნენ და მძიმე დიაგნოზის გამო საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ეს ყალბი დასკვნა გამოიყენა ბრიუსელმა საბაბად, რომ ევროკავშირის ელჩი იუსტიციის მინისტრთან დემარშით მისულიყო და ექსპრეზიდენტის გადაყვანა მოეთხოვა.

ნინო ლომჯარია მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

სახალხო დამცველის და მისი კონსილიუმის მიერ გამოქვეყნებული არც ერთი შეფასება დღემდე არც ერთ პროფესიონალს არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. რაც შეეხება ჩემ მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებას, მისი დაარსების დღიდან ბრიუსელისგან არათუ "მილიონობით ლარი აქვს მიღებული უკანონოდ," არამედ, 2023 წლიდან დღემდე ჯამში, ყველა ევროპული თუ არაევროპული დონორის მიერ მიღებული თანხის ჯამი (ევროკავშირის, გაეროს, აშშ-ს და ა.შ.), მათ შორის სადამკვირვებლო მისიის დაფინანსებისთვის მიღებული თანხების ჯამი ერთ მილიონ ლარსაც კი არ აღწევს.

ხელისუფლების ოპონენტები ნინო ლომჯარიას განცხადებას სრულად იზიარებენ. ამბობენ, რომ NGO სექტორი უცხოურ დაფინანსებას გამჭვირვალედ იღებს.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში მიაჩნიათ, რომ ენჯეო სექტორის გარკვეული ნაწილი საკუთარი ქვეყნის ინტერესების ნაცვლად უცხო ძალების დაკვეთის შემსრულებელია. მმართველი გუნდისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა მხოლოდ გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

პოლიტიკური და ფინანსური კორუფციის მხილება - ასე აფასებს მმართველი გუნდი იმ ოპონენტების საქმიანობას, ვინც ქვეყანაში გამჭვირვალობას ეწინააღმდეგება.

დღის ამბები