"რა თქმა უნდა, [საქართველოს და ევროკავშირის] ურთიერთობები არის კრიზისულ მდგომარეობაში და მას აქვს ერთი მარტივი მიზეზი - ევროინტეგრაციის საკითხი 2022 წლის მარტიდან დღემდე, გამოიყენება, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის მიმართ," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
პრემიერის თქმით, მას აქვს აღქმა, რომ როდესაც უკრაინის მიმართ შეთავაზება გაკეთდა კანდიდატის სტატუსის შესახებ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ მოიაზრებოდა.
"აქაც, საბოლოო ჯამში, ისე გამოდის, რომ თავიდან, როდესაც შესთავაზეს უკრაინას კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანა, მერე, ლოგიკური იყო, რომ მოლდოვა და საქართველო შეიტანდა, - ისე არ აღმოჩნდეს ბოლოს, რომ ეს ყველაფერი მოაზრებული იყო არამარტო საქართველოს მიმართ - ყველა ქვეყნის მიმართ, როგორც არა ღია კარის პოლიტიკა, - ამ შემთხვევაში უკვე ევროკავშირის მხრიდან, არამედ როგორც ორპირი ქარის პოლიტიკა.
რეალურად, რასაც ჩვენ ვაკვირდებით საქართველოსთან მიმართებით, მთელი ამ წლების განმავლობაში - 2022, 2023, 2024, 2025 - რეალურად, ევროკავშირმა წამოიწყო "ორპირი ქარის" თამაშები საქართველოსთან მიმართებით. მე ეს აღქმა მრჩება, რომ როდესაც ეს შეთავაზება გაკეთდა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის შესახებ, მე არ მგონია, რომ მოაზრებული ჰქონდათ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. თან, ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც იმ მომენტისთვის რუსული ტანკები იყო კიევში შესული.
ჩვენ მიმართ ცალსახად გამოჩნდა, რომ ერთადერთი, რაშიც იყენებდა ევროპული ბიუროკრატია ევროინტეგრაციის თემას საქართველოსთან მიმართებით, 2022 წლის დასაწყისიდან, ეს იყო შანტაჟი და ამას უკავშირდებოდა მთელი ის უსამართლო გადაწყვეტილებები - 2022 წლის ივნისში, ვერავინ ვერ ახსნა დღემდე, რატომ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.