15 აგვისტო 2026,   00:17
ვრცლად
ბორის ჯონსონის აღიარება და პოლიტიკური შეფასებები - პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანების დაპირებით, უკრაინას უქმნიდნენ წარმოსახვით რეალობას ისევე, როგორც საქართველოს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ

რატომ აკეთებდნენ უცხოელი აქტორები საპირისპირო განცხადებებს ომის დაწყებამდე და მის მერეც? - პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანების დაპირებით უკრაინას უქმნიდნენ წარმოსახვით რეალობას - ისევე როგორც საქართველოს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ამით უბიძგებდნენ ქვეყნებს ესკალაციისკენ, რომელიც რეალურად კონკრეტული ძალების გეოპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდა. სპიკერის თქმით, ამას ადასტურებს ბრიტანეთის ექსპრემიერის, ბორის ჯონსონის შეცვლილი რიტორიკაც, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მხოლოდ მეოთხე წელს აღიარა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსი ნულის ტოლფასი იყო.

"ასე აბუჩად აიგდო მთელი ერი... ერები" - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელშიც, სადაც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაავრცელა.

ეს განცხადება ბორის ჯონსონმა რამდენიმე დღის წინ, საჯარო გამოსვლისას გააკეთა. რამდენიმე წლით ადრე კი საჯაროდვე ამბობდა, რომ უკრაინის ნატოში მიღების პროცესი უნდა დაწყებულიყო.

ხელისუფლების ოპონენტები დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის გამორჩეული მხარდამჭერის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების გამართლებას ცდილობდნენ. 2022 წლის მოვლენების აქტიური მონაწილის მხრიდან ალიანსის კულუარული ინფორმაციის გასაჯაროება ბორის ჯონსონის მოქმედ სტატუსსაც დაუკავშირეს.

უმრავლესობის თქმით, განვითარებული მოვლენებიდან ქვეყნებმა უნდა გამოიტანონ მკაფიო დასკვნა, რომ იმოქმედონ მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესებით და არა სხვა, დიდი სახელმწიფოების მითითებებით. "ქართულ ოცნების" განცხადებით, უცხოელ ლიდერებს, უკრაინის ნატოში ინტეგრაციის შესახებ სიმართლე რომ არ დაემალათ ევროპის კონტიტენტზე შესაძლოა ომი არც დაწყებულიყო.

დღეს გაიხსენეს ისიც, რომ ომის დაწყებიდან მალევე, სტამბოლის სამშვიდობო შეთანხმება სწორედ ბორის ჯონსონმა ჩაშალა - უკრაინის ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზე საუბრით და ეს მოგვიანებით, დავით არახამიამ აღიარა. დღეს ამ საკითხს მედიასთან საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა.

ამ ფონზე, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის პოზიცია შეიცვლება და ის ნატოში უკრაინის ჯარის საჭიროებას დაინახავს.

დღის ამბები