15 აგვისტო 2026,   05:21
ვრცლად
"უსაფუძვლო კრიტიკა, უარგუმენტო ბრალდებები, სავიზო რეჟიმით მანიპულირება, შანტაჟისა და ულტიმატუმების ენა ბრიუსელის მხრიდან" - ევროკავშირის საბჭოს დასკვნა და შეფასებები

სახელი შერჩეულია - ასე პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ მიღებულ დასკვნას დაარქვა. რუსეთისთვის და ბელორუსისთვის სანქციების დაწესება, გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმება, ქართული სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილების გათავისუფლება - მოთხოვნათა სია ვრცელია, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ ბრიუსელს შეახსენა, რომ მიღებული კანონები სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვის გარანტია, გისოსებს მიღმა მყოფი ადამიანები უსაფუძვლოდ დაკავებულები კი არა, არამედ რევოლუციის მოწყობის მცდელობაში მსჯავრდებულები არიან.

ბრიუსელში მიღებულ დოკუმენტს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სრული მხარდაჭერა არ აქვს. გაფართოებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ 8 პუნქტში მხოლოდ კრიტიკა და მოთხოვნებია. ევროკავშირის საბჭო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგება, მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ, თუმცა დოკუმენტში არაფერი წერია უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ გარანტიებზე. ბრიუსელი, საქართველოს მათი შეფასებით უსაფუძვლოდ დაკავებულების გათავისუფლებისაც სთხოვს, თუმცა ვინ იგულისხმება, დაკონკრეტებული არ არის.

რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა? მოსალოდნელი რისკები და ეკონომიკური სტაგნაცია, პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2022 წელს განსაზღვრა და სანქციების დაწესებაზე მაშინ უარი თქვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 8 პუნქტიანი დასკვნა, ევრობიუროკრატების უსამართლო მიდგომისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობის, მორიგი ლუსტრაციაა.

იმის მიუხედავად, რომ ბრიუსელი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არა სხვა ქვეყნებს, არამედ მხოლოდ საქართველოს სთხოვს, ორმაგ სტანდარტს მაინც ვერ ხედავენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის კრიტიკულ გზავნილებს ტრადიციულად იზიარებენ.

უსაფუძვლო კრიტიკა, უარგუმენტო ბრალდებები, სავიზო რეჟიმით მანიპულირება, შანტაჟისა და ულტიმატუმების ენა ბრიუსელის მხრიდან - მმართველი გუნდისთვის არც ახალი და არც მოულოდნელია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს ევროპული მომავლისადმი ერთგულება მტკიცეა, მაგრამ გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი, ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთასაც ხელისუფლება არ აპირებს.

ბრიუსელის კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობენ თბილისში - სახელისუფლებო გუნდში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზა, სუვერენიტეტის, ეროვნული ღირებულებებისა და იდენტობის დაცვაზე გადის.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები