ჯარიმები და საურავები ჩამოეწერებათ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც 1 ნოემბრამდე მგზავრებს ლიცენზიის გარეშე, ან სანებართვო პირობების დარღვევით ემსახურებოდნენ. საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე და 9 მილიონ ლარამდე ჯარიმაზე. პარალელურად, რამდენიმე მიმართულებით სანქციები გამკაცრდა. მათ შორის იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც ინერტული, ან სხვა სახის მასალები გადააქვთ და გარემოს აბინძურებენ.
"A და B კატეგორიის ტაქსები, ისინი, ვინც ექვემდებარებოდნენ დაჯარიმებას უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევისთვის - ერთჯერადად გათავისუფლდნენ, პრაქტიკულად ეს არის ამნისტია იმ სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო მათ შორის საფასურის გადაუხდელობასთან, ასევე მანათობელი ნიშნის არქონასთან და სხვა ისეთი მცირე მასშტაბის დარღვევებთან, რომლებიც შესაძლებელი იყო ერთჯერადად ამნისტირებული იყო. ვსაუბრობთ დაახლოებით 9 მილიონ ლარზე, რომლის ამნისტირებაც განხორციელდა.
ჰაერის დაბინძურების პრევენცია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ უფრო შემაკავებელი იყოს სანქციები იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამ გადაუხურავი წესით ახორციელებენ ინერტული მასალის ტრანსპორტირებას, ან მშრალი წესით ახდენენ ინერტული მასალის დამუშავებას, რაც მტვრის ნაწილაკების დიდი რაოდენობით წარმოშობის წინაპირობაა, განვახორციელეთ სანქციების ოდენობის ზრდა“, - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.