ამნისტია მართვის ჩამორთმეულ მოწმობებზე. პრემიერის ინიციატივით, სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო, მოქალაქეებისათვის ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე, ფართომასშტაბიანი ამნისტია 1 იანვრიდან ცხადდება.
ამნისტია შეეხება პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობა ჩამოართვეს ალკოჰოლის მოხმარების, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკების მცირე ოდენობის შენახვა-მოხმარების ან ქულების განულების გამო. ამნისტია პირველი იანვრიდან ძალაში ეტაპობრივად შევა.
მაგალითად: ალკოჰოლის შემთხვევაში ამოქმედდება პირველი თებერვლიდან. ამნისტია არ გავრცელდება შემთხვევებზე, რომლებიც მძიმე ნარკოდანაშაულს ეხება ან როცა ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის დაზიანება ან გარდაცვალება მოჰყვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მართვის ჩამორთმეულ მოწმობებზე, ერთჯერადი ჰუმანური აქტია, რომელიც ადამიანების მართვის მოწმობის აღდგენის საშუალებას მისცემს.
"პრემიერ-მინისტრს მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დაინიციირდეს ცვლილება კანონში, რომლის საფუძველზეც, ყველა იმ პირს, ვისაც შეზღუდული ჰქონდა მართვის უფლება ადმინისტრაციული სახდელის ფარგლებში, ამ ადამიანებისთვის ერთჯერადად მოხდება ამ შეზღუდვის მოხსნა. ეს არის ერთჯერადი ჰუმანური აქტი, რომელიც მისცემს საშუალებას ადამიანებს, რომ აღიდგინონ მართვის მოწმობა. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივა, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ შემდგომი პრევენცია იყოს, რომლის მსგავსი ქმედებები ნაკლებად მოხდეს", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.