5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გათვლილი იყო ქუვეითის მოქალაქეებზე - მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და იხსენებენ კონსტანტინე მორგოშიას გეგმებს, რომლის მოძრაობის ორგანიზებითაც, გუშინ რუსთაველზე არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.
"ალტ ინფოს" ლიდერი, რომელიც დღეს "იგლ ჰილსის" პროექტებს ეწინააღმდეგება, მანამდე ღიად საუბრობდა ქუვეიტელ პარტნიორებთან ერთად გეგმაზე, რომელიც ეხებოდა მცხეთაში, 14 000 კვადრატულ მეტრზე, ბრენდული სასტუმრო-კომპლექსის აშენებას.
"ორმაგი სტანდარტია. თან, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ "ალტ ინფოელებმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქართველებს ერთი კარგი თვისება გვაქვსო, რომ ძალიან რომ გაუჭირდება ეროვნულად საქართველოს, ყველა ერთად დგებაო და ამით ამართლებს "ნაციონალებთან" ამ საკითხში მიერთებას. თან, ამბობდნენ იმასაც, რომ "ნაციონალები" თავის აზრს არ ატარებენ, უცხოეთიდან მოწოდებული იდეების გამტარებლები არიანო. ეს არ არის რაღაც პრობლემის გარშემო ქართველების გაერთიანება, ეს არის სხვადასხვა პოლიტიკური საზღვარგარეთული ცენტრებიდან მიღებული დავალება, რომ ეს უზარმაზარი პროექტი, რომელიც დიდ დივიდენდებს მოუტანს საქართველოს, ჩაშალონ," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.