15 აგვისტო 2026,   05:27
ვრცლად
"აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ქუვეითის მოქალაქეებისთვის სასტუმროების მშენებლობას აპირებდნენ და ვერ გავიგე, - ის თუ კარგი იყო, ეს ცუდი რატომაა?!" - ირაკლი ზარქუა "ალტ ინფოს" აქციაზე

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გათვლილი იყო ქუვეითის მოქალაქეებზე - მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და იხსენებენ კონსტანტინე მორგოშიას გეგმებს, რომლის მოძრაობის ორგანიზებითაც, გუშინ რუსთაველზე არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

"ალტ ინფოს" ლიდერი, რომელიც დღეს "იგლ ჰილსის" პროექტებს ეწინააღმდეგება, მანამდე ღიად საუბრობდა ქუვეიტელ პარტნიორებთან ერთად გეგმაზე, რომელიც ეხებოდა მცხეთაში, 14 000 კვადრატულ მეტრზე, ბრენდული სასტუმრო-კომპლექსის აშენებას.

"უსამშობლოები ჯერ ამბობდნენ, რომ აქ ინვესტიციას ვინ შემოიტანსო. გახსოვთ, ეს თემა რომ პირველად გაჟღერდა, "კოლექტიური ნაცმოძრაობა" როგორ ესხმოდა თავს - ტყუილია, ბლეფია, არ დაიჯეროთ, აქ ინვესტიციას ვინ შემოიტანსო, - მერე უკვე თემა შეატრიალეს და დაიწყეს: მეჩეთებს აშენებსო, არაბული ქალაქები და სიგიჟეები, რაც სჩვევიათ.

ამ სიგიჟეს ახლა შეუერთდა ახალი გუნდი. ჩვენ რომ მოვიკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ქუვეითის მოქალაქეებისთვის სასტუმროების მშენებლობას აპირებდნენ და ვერ გავიგე, - ის თუ კარგი იყო, ეს ცუდი რატომაა, ან ეს თუ ცუდია, ის კარგი რატომ იყო?! გაუგებარია, აჭრილები არიან. ჩემთვის ძალიან გაუგებარია, - "კოლექტიური ნაცმოძრაობის" გვერდით რომ დადგები, როცა იცი, რასაც წარმოადგენენ, - ქვეყნის გაშავებაში აგენტურული ქსელი ჰქონდათ, სადაც იყენებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, იყენებდნენ ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს და ასე უტევდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას," - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები