სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვახტანგ გომელაური დღეს მოწმის სტატუსით იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჩვენება BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მისცა. დღესვე გამოიკითხა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლის ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი.
საპოლიციო ძალების ეკიპირებისთვის გარკვეული ნივთიერებების შეძენა რომ ბოლოს 2009 წელს მოხდა, ვახტანგ გომელაურმა პირველმა განაცხადა - მას შემდეგ, რაც BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმი გავრცელდა. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ შესყიდვა განხორციელდა 2007 წელსაც. მისი თქმით, ყველაფერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაადგენს, მათ შორის ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში მონაწილე პირების ვინაობას. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერა გაშიფრულია, სკანდალი კი ჩაშლილი.
სუს-ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, ვარაუდებზე დაყრდნობით მომზადებული სიუჟეტის კი უაპელაციოდ სჯერა ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს, ნაწილი კი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს ინიციატივა გიორგი გახარიას გუნდს ეკუთვნის, რომლის ლიდერიც სწორედ 20 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ, ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანების ორგანიზებაშია ბრალდებული..
ოპოზიციისთვის ჭეშმარიტება რომ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უარგუმენტო ჰიპოთეზაა, ამას "ქართული ოცნებისთვის", ე.წ. კამიტის ვერშემდგარი სკანდალიც ადასტურებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების მიზანი ნებისმიერ ფასად, საპროტესტო მუხტის გაღვივებაა. უშუალოდ გახარიას ინტერესი კი ნებისმიერ ფასად თვითგადარჩენა ქართული მართლმსაჯულებისგან.
ხელისუფლება BBC-ის ჯერ ბრიტანული კომუნიკაციების კომისიაში, საჭიროების შემთხვევაში კი საერთაშორისო სასამართლოებში უჩივლებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბრიტანულმა მაუწყებელმა პასუხი უნდა აგოს ქიმიური იარაღის გამოყენების უმძიმეს ბრალდებაზე, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა ვერც ერთი არგუმენტი ვერ ამყარებს. მმართველი გუნდი უცხო ძალების გეოსტრატეგიულ ინტერესებზე საუბრობს და პარალელს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ყალბ კამპანიასთან ავლებს.
სუს-ი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე და 333-ე მუხლებით ატარებს. უკვე გამოიკითხნენ BBC-ის ქართველი რესპონდენტები, რომლებმაც მომწამვლელ ქიმიურ იარაღზე საუბარი ან უარყვეს, ან ვერაფრით დაადასტურეს. მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ეკა გიგაური და თამარ ონიანი, ასევე ექიმი ჩახუნაშვილები, რომელთაც არ გამორიცხეს, BBC-ის ჰიპოთეზის ჩამოყალიბების პროცესში მათივე სამედიცინო სტატიაც გამოეყენებინა.