19 ივნისი 2026,   01:41
ვრცლად
Reuters: აშშ-მ ევროპელ ლიდერებს მიმართა, ნატოს თავდაცვის უმთავრესი პასუხისმგებლობა 2027 წლამდე თავად გადაიბარონ

აშშ-მ ევროპელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ სურს, ევროპამ 2027 წლისთვის ნატოს ტრადიციული თავდაცვის პასუხისმგებლობების უმეტესი ნაწილი აიღოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პენტაგონის წარმომადგენლებმა მიმდინარე კვირას, ვაშინგტონში მყოფ დიპლომატებს განუცხადეს, რომ შეერთებულ შტატებს სურს, ევროპამ 2027 წლისთვის ნატოს თავდაცვითი შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, დაზვერვიდან რაკეტებამდე, საკუთარ თავზე აიღოს.

ამ ვადას ზოგიერთი ევროპელი ოფიციალური პირი არარეალურად აფასებს. ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრების დროს გაჟღერებულ გზავნილში იყო გაფრთხილება, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა უარი თქვას ნატოს დაგეგმვის ზოგიერთ როლზე, თუ ევროპა საკმარის პროგრესს არ მიაღწევს, თუმცა აშშ-მა არ განსაზღვრა, თუ როგორ გაიზომება პროგრესი.

ამ ტვირთის აშშ-დან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ევროპელ წევრებზე გადატანა მკვეთრად შეცვლის იმას, თუ როგორ თანამშრომლობს შეერთებული შტატები, რომელიც ომის შემდგომი ალიანსის დამფუძნებელი წევრია, თავის ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო პარტნიორებთან.

შეხვედრაზე პენტაგონის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ ვაშინგტონი ჯერ კიდევ არ არის კმაყოფილი იმ ნაბიჯებით, რომლებიც ევროპამ გადადგა თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში გაფართოებული შეჭრის შემდეგ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა კოლეგებს განუცხადეს, რომ თუ ევროპა არ შეასრულებს 2027 წლის ვადას, აშშ-მ შეიძლება შეწყვიტოს მონაწილეობა ნატოს თავდაცვის კოორდინაციის ზოგიერთ მექანიზმში - წერს "როიტერი" წყაროზე დაყრდნობით. 

დღის ამბები