"ალეკო ელისაშვილი აღიარებს კონკრეტულად ქმედებას და არა იმ ბრალს, რასაც, მით უმეტეს, პროკურატურა ედავება - ეს არის ტერორისტული აქტი" - ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
უფლებადამცველი საკუთარ პოზიციას ორაზროვანი განცხადებით ამყარებს. ამბობს, რომ დანაშაულს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს, თუმცა შემდეგ არც იმას უარყოფს, რომ ცეცხლსასროლი იარაღითა და სხვადასხვა აღჭურვილობით ეკიპირებული ელისაშვილი სასამართლოს ეზოში შეიჭრა, კანცელარიის მინაც ჩაამსხვრია, შემდეგ შენობის შიდა პერიმეტრში ბენზინი დაასხა და ადგილზე ცეცხლის გაჩენას შეეცადა, რა დროსაც იმ მანდატურებს ფიზიკური წინააღმდეგობაც გაუწია, რომლებიც მის განეიტრალებას ცდილობდნენ.
ის ფაქტები, რომლებიც ბრალთან ელისაშვილის ადვოკატისთვის შესაბამისობაში არ მოდის, სრულად შეისწავლა საგამოძიებო უწყებამ. საქართველოს პროკურატურამ სწორედ ჩადენილი დანაშაულისა და მოტივის სიმძიმის გამო დღეს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა მოითხოვა. გაირკვა ისიც, რომ რამდენიმე მანდატურს ხელზე დაზიანებები, ხოლო სახეზე ნაკბენები აღენიშნებათ. პროკურორმა დეტალურად განმარტა ისიც, თუ რატომ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება.
თავად ბრალდებული ადვოკატის ლოგიკას იზიარებს. პარტია "ლელოს" წევრი, ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს შენობის დაწვის მცდელობას მის მოქალაქეობრივ ვალად მიიჩნევს. პარტიას ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ პოლიტიკურ გუნდს იმიჯი შეულახა, თუმცა ჩადენილი არ აწუხებს და ამბობს, რომ ერთადერთ რამეს ნანობს, დროის უქონლობის გამო სასამართლოს დაწვა რომ ვერ მოასწრო.
საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის საგულშემატკივროდ დღეს მისი თანაგუნდელები მივიდნენ. ხაზარაძე-ჯაფარიძის "ლელოში" აცხადებენ, რომ ჩადენილი ქმედება პარტიისთვის მიუღებელია. თუმცა, აქვე ამატებენ იმასაც, რომ დანაშაული პატრიოტული მოტივებით იყო ნაკარნახები. ვიდრე ელისაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ მიმავალ გზას გისოსებიანი მანქანით გადიოდა, მისი ქმედება დანიშნულების ადგილიდან პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმაც შეაფასა. მსჯავრდებულმა ბრალდებულს ფულის სანაცვლოდ, ნებისმიერ საქმეზე წამსვლელი პროვოკატორი უწოდა.
ის, რაც კუპრაძისთვის პატრიოტიზმია, მმართველ გუნდში დანაშაულად აღიქმება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ელისაშვილის ვერშემდგარი ტერორისტული აქტი, შესაძლოა, გარედან ნაკარნახები ყოფილიყო. საკანონმდებლო ორგანოში ითქვა ისიც, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლოს წინააღმდეგ ჩავარდნილი გალაშქრება, ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილ ტერორიზმს უდრის.
ახლა ალეკო ელისაშვილი მომდევნო სასამართლო პროცესების მოლოდინშია. დაკავებულს ბრალდება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას, 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.