თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი 5-ათასლარიან გირაოს ითხოვდა. დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.
პროცესს თავად ელისაშვილიც ესწრებოდა. მან სიტყვის უფლებით ისარგებლა, ქმედება აღიარა და ისაუბრა მიზნებზე.
მას ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა დილის 4 საათზე, ნიღბით, იარაღით, საბრძოლო მასალით და სხვა ნივთებით, ჩაქუჩით ჩაამსხვრია მინა და სასამართლოს შიდა სივრცეში შეაღწია, დაასხა აალებადი ნივთიერება და ხანძრის გაჩენა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას.