15 აგვისტო 2026,   08:58
ვრცლად
წინასწარ გაწერილი თაღლითური სქემა თუ მუშაობის პროცესში დაშვებული ხარვეზი - კონკრეტულ ონლაინ მაღაზიას არაერთი უკმაყოფილო მომხმარებელი უჩივის

არ მოტყუვდეთ - მიმზიდველი ფასები, სწრაფი მიწოდების დაპირება, ბოლოს კი დაკარგული თანხა და გაუჩინარებული შეკვეთა. მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ ონლაინ მაღაზიაში შეძენის შემდეგ ძვირადღირებული პროდუქცია არ მიუღიათ. "კურიერი P.S."-ს არაერთმა ტელემაყურებელმა მიმართა. მომხმარებლებს საჩივრები პოლიციაშიც აქვთ შეტანილი. პროცესში ჩართულია კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოც.

შევეცადეთ გაგვერკვია, რა სქემით მუშაობს ეს კომპანია და რატომ ვერ იღებენ მომხმარებლები გადახდილი თანხის სანაცვლოდ შეძენილ ნივთებს. რეპორტაჟზე მუშაობის დაწყების შემდეგ, "მეგა სმარტის" დირექტორმა გვთხოვა, მომზადებული მასალა დღეს არ გაგვეშვა. მიზეზად "შავი პარასკევი" და დიდი რაოდენობით შეკვეთები დაასახელა და თქვა, რომ სიუჟეტის გასვლამ შესაძლოა კომპანია დააზარალოს.

ფაქტობრივ მისამართზე "კურიერი P.S."-ის ჯგუფს "მეგა სმარტის" ოფისის ნაცვლად სრულიად სხვა კომპანია დახვდა. არის თუ არა ეს წინასწარ გაწერილი თაღლითური სქემა? 

დაზარალებული მომხმარებლების მიმოწერა, ონლაინ შოპინგისას არაკეთილსინდისიერი მოვაჭრის მსხვერპლად ქცევას ადასტურებს. ვირტუალური მაღაზია, რომელსაც მომხმარებლები უჩივიან, "მეგა სმარტია" და ის საკმაოდ მომხიბვლელ შეთავაზებებს აკეთებს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ონლაინ ვაჭრობა ონლაინ სივრცეშივე სრულდება და შეკვეთა ფიზიკურად მომხმარებლამდე არ მიდის.

მომავლის პერსპექტივაში ახალი დაზარალებულების ალბათობა დიდია, რადგან ონლაინ მაღაზია გაყიდვებს ამ დრომდე განაგრძობს. დაზარალებული მომხმარებლების შეტყობინებებზე კი, უკვე კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო მუშაობს.

მას შემდეგ, რაც "მეგა სმარტის" წინააღმდეგ განცხადება სააგენტოში შედის, გამყიდველი მომჩივანის დაკმაყოფილებას და გაჩუმებას ცდილობს, ზოგს კი, ზარალის ანაზღაურებას კრიტიკული პოსტების აღების სანაცვლოდ ჰპირდება.

რეალურად რა სქემით მუშაობს "მეგა სმარტი" - ამის გასაგებად "კურიერი P.S." კომპანიის სათაო ოფისში მივიდა, თუმცა ამ მისამართზე არა ონლაინ მაღაზიის, არამედ ერთ-ერთი ბანკის სათაო ოფისი დაგვხვდა.

სატელეფონო საუბრისას მომხმარებლების პრობლემები "მეგა სმარტის" ხელმძღვანელმა კომპანიის სისტემური ხარვეზით ახსნა. მან აღიარა, რომ არასწორი მუშაობის გამო, კომპანია სახელმწიფომ დააჯარიმა კიდეც, თუმცა იმას, რომ ეს წინასწარ გაწერილი სქემაა, უარყოფს.

კომუნიკაცია დაზარალებულებთან მართლაც აქვს, პრობლემის მოგვარების დაპირებით და ნეგატიური კომენტარებისგან თავის შეკავების თხოვნით, იგივე თხოვნით გიორგი მკრტიჩიანმა ჩვენც მოგვმართა.

სანამ "მეგა სმარტი" მომხმარებლების შენარჩუნებას ცდილობს, მის წინააღმდეგ საჩივრები შედის პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში.

იმისთვის კი, რომ მსგავსად დაზარალებულთა წრე არ გაფართოვდეს, ონლაინ შეძენისას მომხმარებლებმა რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინონ: არჩევანი შეაჩერონ ბრენდულ, ქსელურ ან უბრალოდ მაღალი სანდოობის კომპანიებზე. გადაამოწმონ მათი აქტიური პლატფორმები და გაეცნონ სხვა მომხმარებლების უკუკავშირს, შეინახონ გადახდის ქვითარი და პრობლემის შემთხვევაში მიმართონ შესაბამის უწყებას.

დღის ამბები