მმართველი გუნდის განცხადებით, აქციის ორგანიზატორებმა მანიფესტი მხოლოდ იმის გამო აღარ წაიკითხეს, რომ ის წინასწარ გავრცელდა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი ოპონენტები გარედან ნაკარნახევი დღის წესრიგით მოქმედებენ.
მედიაში გავრცელებული ტექსტი რამდენიმე პუნქტისგან შედგება. მასში საუბარია სამ მიზანზე - პატიმრების გათავისუფლებაზე, არჩევნებზე, ხელისუფლების შეცვლასა და ევროინტეგრაციაზე.
"ჩვენ გვახსოვს, ორი კვირის წინ, როდესაც სიტყვა-სიტყვით წააკითხეს ევრობიუროკრატებმა ამ რადიკალებს თავიანთი განცხადება და უფლება არ მისცეს, რომ ერთი სიტყვაც შეეცვალათ. გუშინაც კვლავ გავრცელდა მანიფესტი, რომლის წაკითხვასაც აპირებდნენ. შესაბამისად, მათ აარიდეს თავი იმ უხერხულობას, რომელიც შეექმნათ ორი კვირის წინ, თუმცა ტექსტში იკითხება, რომ ისევ შეტევა უნდა განახორციელონ ბატონ დონალდ ტრამპზე. ჩვენ გვახსოვს, წლების განმავლობაში რა უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ ბატონ ტრამპს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორ უწოდებდნენ მას რუსეთის აგენტს. ამ შემთხვევაშიც, მანიფესტი ზუსტად იმავენაირ ნარატივს ითვალისწინებდა, თითქოს "დიფ სთეითი" არის ბატონი ტრამპის და "ქართული ოცნების" მიერ გაჟღერებული ფრაზა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ "პრაიმ ტაიმმა" მოიპოვა ე.წ. მანიფესტი, რომელიც, წყაროს ცნობით, ბრიუსელთან შეთანხმდა და ის ოპოზიციას აქციაზე უნდა წაეკითხა. მას შემდეგ, რაც გამოცემამ ტექსტი გამოაქვეყნა, ის აქციაზე უკვე აღარ წაიკითხეს.