15 აგვისტო 2026,   07:22
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის "გამჭვირვალობის კანონზე" - ტყუილი მხილებულია და მატყუარა მხარე ვინ აღმოჩნდა, ამ ორწლიანი ეპოპეის შემდეგ, ძალიან კარგად ჩანს"

ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებასა და გარე ჩარევების გამო ახალი ზომების მიღებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

სპიკერი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და ამბობს, რომ ბრიუსელი სხვას ედავება იმას, რასაც თვითონ აკეთებს, რაც ფარისევლობაა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ყველა ქვეყანას მოუწევს შექმნას ლობისტების რეესტრი, მათ ეკისრებათ ვალდებულება ახსნან დაფინანსებისა და გრანტების წარმომავლობა და დანიშნულება. ახალი წესები მიზნად ისახავს დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას.

"სამართალი უნდათ სხვებისთვის, - პატარებისთვის, სუსტებისთვის. სინამდვილეში, ეს წესები მოფიქრებული აქვთ იმისთვის, რომ პატარები და სუსტები თავის ჭკუაზე ატარონ, ხოლო თვითონ იქცევიან ისე, როგორც თავად სურთ. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველომ დააფინანსოს ორგანიზაცია, რომელიც ლობირებას გაუწევს ევროკომისიის არჩევის წესის დემოკრატიულ გარდაქმნას, რომ პარლამენტი იყოს ჩართული, იყოს სამოქალაქო საზოგადოება ჩართული და ისე ავირჩიოთ მარტა კოსი ან მისი მემკვიდრე.

ამ შემთხვევაში, საქართველო, ან ის ორგანიზაცია უნდა დარეგისტრირდეს იმ რეესტრში, რომელიც თვითონ თქვეს. ახლა პირიქით - მარტა კოსმა რომ დააფინანსოს საქართველოში ორგანიზაცია, რომელიც პარლამენტში ლობირებას გაუწევს, მაგალითად, მოსამართლეების არჩევის ახალ წესს, ან ვეტინგს და გადამოწმებას - ეს არა, არ უნდა დარეგისტრირდეს, ეს რუსული კანონია. აბსოლუტურად იდენტურ შემთხვევაში, საქართველო თუ დააფინანსებს ბრიუსელში ევროკომისრის არჩევის წესის დემოკრატიულ გარდაქმნას, რომ იყოს დემოკრატიული წესის ლობირება, უნდა დარეგისტრირდეს როგორც უცხოური გავლენა, ხოლო თუკი ბრიუსელი დააფინანსებს საქართველოში მოსამართლის არჩევის წესის შეცვლას, ეს არ უნდა დარეგისტრირდეს. ტყუილი მხილებულია და მატყუარა მხარე ვინ აღმოჩნდა, ამ ორწლიანი ეპოპეის შემდეგ, ძალიან კარგად ჩანს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები