15 აგვისტო 2026,   09:53
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძე ერთსქესიანთა ქორწინების აღიარებაზე: "ეს არის სწორედ ის, რასაც ვეწინააღმდეგებოდით და რაც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის"

ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში - ეს გადაწყვეტილება დღეს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო.

სასამართლომ იმსჯელა პოლონეთის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც არ აღიარა საკუთარი ქვეყნის ორი მოქალაქის მიერ გერმანიაში გაფორმებული ქორწინება და დაადგინა, რომ ვარშავას გადაწყვეტილება არასწორია. უარი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, რადგან ეს თავისუფლებას არღვევს.

ერთნაირსქესიანთა შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შეფასებების თემაა თბილისში. იზიარებენ და ეთანხმებიან თუ არა ამ გადაწყვეტილებას - კითხვაზე ოპოზიციის ნაწილი პასუხს თავს არიდებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი პროგნოზი გამართლდა და ევროკავშირში ერთნაირსქესიანთა დაკანონების ვალდებულებამდე მივიდნენ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ერთსქესიანთა ქორწინების აღიარება არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რათა მოსახლეობა იქცეს ბიომასად და მათი მართვა გამარტივდეს.

"ჩვენ უკვე მერამდენედ ვართ მომსწრეები, რომ გარკვეულ საკითხებს, როგორც საფრთხეებს ისე ვაფიქსირებდით, ამას უარყოფდნენ და შემდეგ უკვე თავად მათი განცხადებებით და ქმედებებით დასტურდება. ეს არის სწორედ ის, რასაც ვეწინააღმდეგებოდით და რაც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის. ის, რომ ქართულ კონსტიტუციაში მკაცრად არის დაფიქსირებული ოჯახის განსაზღვრება, რომ ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით - ეს არის მკაცრად განსაზღვრული. სხვა სამართლებრივ ნორმას ქართული კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ ცნობს და არც უნდა ცნობდეს. ეს არის გარკვეული ფორმა ჰიბრიდული ომის და მცდელობა იმისა, რომ მოსახლეობა აქციონ ბიომასად, რათა შემდეგ ის გახდეს იოლად მართვადი. დაცლილი იყოს მორალისგან, ზნეობისგან, ოჯახური ფასეულობებისგან, ტრადიციებისაგან და სწორედ ეს არის ის ბრძოლის მეთოდი, რაც დასავლეთიდან, სამწუხაროდ, დღეს არის შემოთავაზებული", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები