08 ივნისი 2026,   15:45
ვრცლად
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული ა.ჩ. და 1988 წელს დაბადებული ე. ს. დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ მათი პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი კაფსულები", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები