საარჩევნო კოდექსის ახალმა რედაქციამ პირველი მოსმენით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მხარდაჭერა უკვე მოიპოვა. ცვლილებათა პაკეტი დეპუტატებს დავით მათიკაშვილმა გააცნო. დაისვა შეკითხვებიც. ოპოზიციამ ყურადღება ემიგრანტების ხმის მიცემის პროცედურებზე გაამახვილა, მმართველმა გუნდმა კი ოპონენტებსა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით არჩევნებში მონაწილეობის უფლება არავის ეზღუდება.
არჩევნებში გარე ჩარევების პრევენციის პარალელურად, მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომელიც ხმის მისაცემად ემიგრანტების საქართველოში ჩამოსვლას გულისხმობს, ხელს სამშობლოში მათ საბოლოოდ დაბრუნებასაც შეუწყობს.
მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული არაერთი განმარტების მიუხედავად, ოპოზიცია ერთხმად ამტკიცებს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემას უკრძალავს.
დედაქალაქის მერი განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიზანი გარე ჩარევებისგან, დეზინფორმაციისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებისგან მოქალაქეების დაცვაა.
მოქმედი საარჩევნო კოდექსი 2011 წელს არის მიღებული. ახალი მოდელი, რომელსაც პარლამენტი წლის ბოლომდე დაამტკიცებს, საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება.