ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც არა მარტო გეოგრაფიული სიახლოვით, არამედ ღირებულებითი თანხვედრით და საერთო ინტერესებით არის განპირობებული. მიხეილ ყაველაშვილმა სომეხ კოლეგასთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარების გამო, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანი ათონელის პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილი კოლეგას პირისპირ შეხვდა. საუბრის თემა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები იყო. შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილი კიდევ ერთხელ მიესალმა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას. რეგიონული ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა ყურადღება გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის დროსაც. სომხეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ერთობლივი პროექტების განხორციელება სამხრეთ კავკასიას ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომეხ კოლეგას შეხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ორმხრივი ვაჭრობა, ტურიზმი და ინვესტიციები - შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც საქართველო - სომხეთს შორის სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს განსაზღვრავს. სომხეთის ეკონომიკის მინისტრს უმასპინძლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმაც. დავით სონღულაშვილმა, კოლეგასთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
სომხეთის დელეგაციის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის პირველ ნახევარში დაეშვა. სტუმრებს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და სომხეთში საქართველოს ელჩი დახვდნენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი დელეგაციასთან ერთად, გმირთა მოედანს ეწვია და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.