"ნაციონალური მოძრაობა" სამართლებრივ დავას იწყებს საკონსტიტუციო სასამართლოში - იმ სასამართლოში, რომელსაც წლებია, უნდობლობას უცხადებს. სამნაწილიანი დავის პირველი სარჩელი, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას ეხება, ფოსტით, გამსახურდიას 8 ნომერში უკვე გაგზავნეს. ლევან ბეჟაშვილის ანგარიშზე დაანონსებულ გეგმებთან ერთად, დიდი აღიარებაც გაფორმდა. ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წევრმა ხმამაღლა და მკაფიოდ თქვა, რომ პარტია დავალებას უცხოელი პარტნიორებისა და იურიდიული საზოგადოების მოთხოვნით ასრულებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს საკუთარი სახელი უკვე დაარქვა, თუმცა მაშველ რგოლად პარტიას "გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევა წამოეწია. არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ საპარლამენტო კომისია მანდატის ჩარჩოს გასცდა, ამ კოორდინირებულმა მოქმედებამ კი მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და NGO-ებს, საერთო ლობისტებთან ერთად, საერთო ინსტრუქტორები ჰყავთ.
სანამ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საქმიანობის პულსს ითვლის, ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს მათ ლიდერს. პაციენტი კლინიკიდან გაწერეს და სისხლის სამართლის არაერთ საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, 3 წლისა და 6 თვის შემდეგ, ისევ ციხეში დააბრუნეს.
სანამ სააკაშვილი და მისი პარტია, მოკავშირეებთან ერთად, სცენარის ახალ ეპიზოდს დაწერს, წერილი უკვე დაიწერა ბრიუსელში, რომელიც შესწორების გარეშე, სიტყვასიტყვით, თბილისში წაიკითხეს. ინგლისური ტექსტი გამოცემა "პრაიმ ტაიმმა" გაასაჯაროვა, რამდენიმე წუთში კი ქუჩის ბრიფინგზე მისი ზუსტი, ქართული ანალოგი წაიკითხეს - შესწორების გარეშე, როგორც ეს ტექსტის დასაწყისში იყო მითითებული.
მორიგი ლაკმუსის ქაღალდი - მმართველი გუნდისთვის ეს ფაქტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ პროტესტის მონაწილეების დღის წესრიგი ევრობიუროკრატების კაბინეტში იწერება.
ოპოზიცია ევროპელი პოლიტიკოსებისგან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები პარტნიორებს არწმუნებენ, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა უშედეგოდ დასრულდება, ეს მექანიზმი კი ქართველი ხალხის წინააღმდეგ უნდა ამოქმედდეს.
ყველა სცენარს ერთი მიზანი აქვს... ერთი პასუხი აქვს მმართველ გუნდსაც - ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების უფლებას არავის მისცემს.