15 აგვისტო 2026,   00:17
ვრცლად
"რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების ჟამს, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს" - მეუფე შიო

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ აღავლინა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. მიტროპოლიტმა ასევე დალოცა ანსამბლები.

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს სახარებიდან წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს ორი სასწაული, თუ როგორ განკურნა მან სისხლმდინარე ქალი, რომელსაც ვერანაირი ადამიანური საშუალებებით ვეღარ კურნავდნენ და მკვდრეთით აღადგინა ახალგაზრდა გოგონა მისი მშობლების დიდი მწუხარების და ლოცვების საპასუხოდ.

ეს სისხლმდინარე ქალი მივიდა უფალთან და მისი სამოსლის კალთას შეეხო. უფალმა მას უთხრა: "ნუ გეშინია, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა, წადი მშვიდობით“ (ლკ. 8, 48). უფლის ეს სიტყვები განეკუთვნება არა მხოლოდ ამ დედაკაცს, ამ ქალს, არამედ შეიძლება ეხებოდეს ყველა ადამიანს, იმიტომ, რომ ადამიანი შეიძლება იყოს სისხლმდინარე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. ამიტომ ეს სიტყვები ეხება ყველას, ვინც ამ ცხოვრებაში მიიღო სულიერი ჭრილობები, ვინც მიისწრაფვის საღვთო მკურნალისკენ - ქრისტესკენ და სურს, მისი სამოსლის კალთას შეეხოს.

დავფიქრდეთ, განა არა ვართ ასეთი სულიერად სისხლმდინარენი? განა არ არის ჩვენი სულიც სავსე ცოდვებით, რაც არის სულიერი სნეულება, ამ სნეულებებით?

საერთოდ, ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანი სცოდავს, ყველას აქვს ეს ცოდვები და სნეულებები, ამას გვასწავლიან წმინდა მოციქულები. აი, მაგალითად, იაკობ მოციქული, ძმა უფლისა, ამბობს: „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ“ (იაკ. 3, 2). ასევე წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველიც წერს, რომ „თუ ვამბობთ, რომ ცოდვა არა გვაქვს, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში“ (I ინ. 1, 8 ). კარგია, როცა ვხედავთ ამ ცოდვებს, მაგრამ ბევრ მათგანს ხომ ვერც ვხედავთ, ანუ ნაწილს ვხედავთ, ნაწილს ვერა. რატომ? ისე ვართ შეზრდილნი ამ ცოდვასთან, რომ უკვე ვეღარც ვასხვავებთ, სად არის ჩვენი სული და სად არის ცოდვა; მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე სულიერ მდგომარეობაში არიან. ისინი საერთოდ ვერ გრძნობენ, საერთოდ ვერ ხედავენ ვერანაირ ცოდვას თავიანთ სულში. ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც, როცა ადამიანს სული მკვდარი აქვს, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს.

როგორ ვლინდება ეს? - ადამიანი აკვირდება თავის თავს, მაგრამ ცოდვებს ვერ ხედავს; ამბობს, რომ არ აქვს ცოდვა, არ სცოდავს. ალბათ, არაერთი მოძღვარი დამეთანხმება, რომ ჩვენს სამოძღვრო პრაქტიკაში გვქონია შეხვედრები ასეთ ადამიანებთან. საოცარია, რომ აღსარებაზეც კი ყოფილან ასეთები, ან მათთან მიუყვანიათ მღვდელი და უთქვამთ: „მე არაფერს ისეთს არ ვცოდავ“, ან „მე წესიერი ადამიანი ვარ, ცოდვები არ მაქვს“ და ა. შ.

რას ნიშნავს ეს? - ადამიანს სული პარალიზებული აქვს, როგორც დამბლადაცემული ადამიანი ვეღარ გრძნობს ფიზიკურ ტკივილს, ასე არის ესეც: ადამიანს სული მკვდარი აქვს და ვეღარ გრძნობს ამ თავის სნეულებას და ცოდვას. ასეთი ადამიანის გაცოცხლებას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ძალისხმევა და მადლი სჭირდება.

დღის ამბები