14 აგვისტო 2026,   16:23
ვრცლად
ბრიუსელი თუ თბილისი - სად დაიწერა ტექსტი, რომელიც "პრაიმ ტაიმმა" წინასწარ გამოაქვეყნა, ხოლო აქტივისტებმა ის პირდაპირ ეთერში უცვლელად წაიკითხეს

ინსტრუქცია, რომელზეც მმართველი გუნდი საუბრობს, ამჯერად, ბრიუსელიდან გამოგზავნილი ტექსტია - წერილი ჯერ "პრაიმ ტაიმმა" გაავრცელა, რამდენიმე წუთში კი, პარლამენტის წინ, ოპოზიციის ბრიფინგზე, სიტყვა-სიტყვით გამეორდა. შესრულდა მითითებაც, რომ ტექსტი არ შესწორებულიყო, რაც, უმრავლესობის შეფასებით, ადასტურებს, რომ მათი ოპონენტების ყოველი ნაბიჯი წინასწარ გათვლილი და გარედან ნაკარნახევია.

ტექსტის ავტორად ოპოზიციამ კონკრეტულად გიგა ლემონჯავა დაასახელა - ეს მას შემდეგ, რაც მანამდე, ბრიფინგის დასრულებისთანავე, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა.

რეალურად, სად დაიწერა განცხადების ტექსტი - ბრიუსელში თუ თბილისში? ამ კითხვაზე, მეორე დღეა, არაერთგვაროვანი პასუხები აისმის.

ორგანიზატორების პოზიციების დაცვა იმ ოპოზიციურ პარტიებს მოუხდათ, რომლებიც 28 ნოემბრის აქციის დაანონსებაში არც კი მონაწილეობდნენ.

ოპოზიციას დღის წესრიგს რომ ევროპელი ბიუროკრატები უწერენ, ამაზე დიდი ხანია საუბრობს მმართველი გუნდი. "პრაიმ ტაიმის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ უკვე კონკრეტული მტკიცებულებით დასტურდება - რეალურად, ვინ მართავს საქართველოში რადიკალურ პროცესებს.

პარლამენტის წინ, ბრიფინგზე, გუშინ ტექსტი სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების სახელით წაიკითხეს და სიტყვა-სიტყვით, ოღონდ ქართულად გაიმეორეს ის, რაც რამდენიმე წუთით ადრე მედიაში წინმსწრებად გავრცელებულ წერილში, ინგლისურ ენაზე ეწერა.

დღის ამბები