დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილ დიპლომატებს სიტყვით მიმართეს პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა. გაიმართა უწყებრივი ჯილდოების გადაცემის ცერემონია და დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული ელჩებიც, დეპუტატები და დედაქალაქის მერი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქართველ დიპლომატებს მადლობას უხდის.
"დღეს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სისტემა ძალიან რთულ გამოცდას გადის, საერთაშორისო ურთიერთობები სწრაფად იცვლება, მხოლოდ გონიერებით, სიფრთხილით და სიმტკიცით შეიძლება საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება. დღესაც, გეოპოლიტიკა სწორედ დიპლომატიის დაკნინებას, დიალოგის შესაძლებლობების შეზღუდვას და ძალის ენით საუბარს ლამობს.
დღეს დიპლომატების ერთგულებასა და პროფესიონალიზმს განსაკუთრებით დიდი ფასი აქვს ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვის საქმეში. დეზინფორმაციების ნაკადების საპირწონედ, მსოფლიოს ყველა კუთხეში ღირსეულად უნდა ისმოდეს საქართველოს ხმა - ხმა მშვიდობის და ჩვენი მომავლის ღრმა რწმენის.
მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ქართველ დიპლომატს, რომლებსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის, მშვიდობისა და განვითარების საქმეში," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.