"ქართულ ოცნებას" კითხვები, საფრანგეთის ელჩსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართულ კონსპირაციულ შეხვედრასთან დაკავშირებით აქვს. რატომ შეხვდა ახლად დანიშნული ფრანგი დიპლომატი ენჯეოებს ფარულად, არაფორმალურ გარემოში - სახელისუფლებო გუნდი განმარტებას საფრანგეთის საელჩოსგან ელოდება.
საცხოვრებელ ბინაში გამართულ ფარულ შეხვედრაზე ოფიციალური განცხადება, არც დიპლომატიურ სამსახურს და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუვრცელებიათ. "კურიერი" დაინტერესდა, რატომ იყო ოლივიე კურტოსა და 15-მდე ენჯეოს შეხვედრა გასაიდუმლოებული, რაზე ისაუბრეს და რატომ შეხვდნენ ერთმანეთს, საფრანგეთის საელჩოს ნაცვლად, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში - დიპლომატიურ სამსახურს "რუსთავი 2-ის" წერილობით კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.
ამ კითხვებზე პასუხს, საფრანგეთის საელჩოსგან ელოდება ოპოზიციის ნაწილიც. გიორგი გახარიას გუნდი მიიჩნევს, რომ დიპლომატიური სამსახურის მხრიდან განმარტება მნიშვნელოვანია. საპირისპიროს ამტკიცებს "ნაციონალური მოძრაობა" და ირწმუნება, რომ საელჩო მიმღები სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებული არ არის.
ვიდრე საელჩო განმარტებას გააკეთებს, მმართველი პარტია იმედს გამოთქვამს, რომ ახლად დანიშნული დიპლომატი, საკუთარი ქმედებებით ვენის კონვენციას არ დაარღვევს. ქართულ ოცნებაში დღეს არც ის გამორიცხეს, რომ შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არაერთი ანტიკონსტიტუციური ქმედების შემდეგ, ოლივიე კურტოც შეცდომაში შეიყვანონ.
ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში საფრანგეთის ახლად დანიშნული ელჩი ფარულად 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის- მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის წარმომადგენლებს, ასევე დაზვერვისა და საგარეო უწყების ყოფილ ხელმძღვანელს გელა ბეჟუაშვილს შეხვდა.