15 აგვისტო 2026,   00:21
ვრცლად
საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესასწავლად, სტრასბურგიდან საგანგებოდ გამოგზავნილმა მისიამ უკომენტაროდ დატოვა ქვეყანაში ბოლო 1 თვის განმავლობაში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი - ხელისუფლების დამხობის მცდელობა

საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესასწავლად, სტრასბურგიდან საგანგებოდ გამოგზავნილმა მისიამ უკომენტაროდ დატოვა ქვეყანაში ბოლო 1 თვის განმავლობაში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი - ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თავს არიდებს პასუხს, კითხვაზე - გმობს თუ არა 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის რეზიდენციაზე მიტანილ შტურმსა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობას.

4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე, ევროპის საბჭოს მონიტორებს პასუხის გაცემა ხვალ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისთვის მოუწევთ. "ქართული ოცნება" ითხოვს მკაფიო პოზიციას, ხელისუფლების დამხობის მცდელობასა და ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებზე, რომელზეც პასუხისმგებლობა, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ეკისრებათ.

იმის მიუხედავად, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა ანგარიშში ყველა პოლიტიკური აქტორის ქმედება უნდა შეაფასოს, არასამთავრობო ორგანიზაციები მაინც ამტკიცებენ, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე არ უსაუბრიათ. სწორედ "ენჯეოებთან" შეხვედრით დაიწყო და 2 საათს გაგრძელდა, დახურულ კარს მიღმა, შეხვედრები ევროპულ დელეგაციასთან, სადაც, არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, მხოლოდ მათ საქმიანობაზე ისაუბრეს.

იმავეს ამტკიცებს ოპოზიციაც. ამბობენ, რომ ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე არ უსაუბრიათ და ხელისუფლების დამხობის მცდელობის შესახებ კითხვები თავად მონიტორებსაც არ გასჩენიათ.

ოპოზიციის მიერ მონიტორინგის კომიტეტის წევრებისთვის მიწოდებული ინფორმაცია რომ ქვეყნისთვის საზიანო იქნება, ამაში მმართველი გუნდი დიდი ხანია დარწმუნებულია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სწორედ მათი ოპონენტების ქმედებებია ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებისა და უსაფუძვლო ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხვალ შეხვდებიან.

დღის ამბები