15 აგვისტო 2026,   07:22
ვრცლად
დიდი რესურსი გვაქვს ჩადებული იმაში, რომ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება, რომელიც იდგა დღის წესრიგში, არ გავრცელებულიყო საქართველოს მოქალაქეებზე - თინა ბოკუჩავა

ბრიუსელთან აქტიური კომუნიკაცია აქვს ოპოზიციას, რომელიც, "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მუშაობს. სააგენტოს ცნობით, ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და ცდილობს დაარწმუნოს, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბრიუსელში მსჯელობენ "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ვიზების დაწესებაზე, თუმცა ოპოზიცია მათ არწმუნებს, რომ მხოლოდ ეს ნაბიჯი უშედეგო იქნება.

"პრაიმ ტაიმის" ცნობით, ევრობიუროკრატებისთვის ეს საპირისპირო არგუმენტია, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ თუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაშიც, მოქალაქეები ხელისუფლებას არ შეცვლიან, მაშინ ევროპიდან იძულებულები იქნებიან, მოქმედ ხელისუფლებას ესაუბრონ.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება, რომელიც დღის წესრიგში იდგა, საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელებულიყო.

"მე პირადად, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" საგარეო გუნდს, დიდი რესურსი აქვს ჩადებული იმაში, რომ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება, რომელიც იდგა დღის წესრიგში, არ გავრცელებულიყო საქართველოს მოქალაქეებზე და ის გავრცელდეს მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეს, წინააღმდეგობის მოძრაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივად მუშაობს.

"წინააღმდეგობა მუშაობს ერთობლივად, როგორც სამოქალაქო სექტორი, ისე აქტივისტები და პოლიტიკური პარტიები, რომ ქვეყანას შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა. მაგრამ, ეს არ ეხება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს და ამაზე მიდის საუბარი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

დღის ამბები