15 აგვისტო 2026,   00:33
ვრცლად
უმაღლესი დონის ორმხრივი შეხვედრები, გაფორმებული მემორანდუმი, იმპორტის საერთაშორისო გამოფენა და გაზრდილი საექსპორტო პოტენციალი - საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შანხაიში და განხილული საკითხები

უმაღლესი დონის ორმხრივი შეხვედრები, გაფორმებული მემორანდუმი, იმპორტის საერთაშორისო გამოფენა და გაზრდილი საექსპორტო პოტენციალის პერსპექტივა - ამ ყველაფერზე მსჯელობდნენ ჩინეთში, სადაც საქართველო საპატიო სტუმარია.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შანხაიში 4 ნოემბერს, ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ლი ციანთან შეხვედრით დაიწყო. მთავრობების ხელმძღვანელებმა შეაფასეს საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და ნაყოფიერი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროებში. ირაკლი კობახიძემ ჩინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით ურყევი მხარდაჭერისთვის და ერთი ჩინეთის პრინციპისადმი საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა.

მსოფლიოში სიდიდით მეორე ჩინეთის ეკონომიკასთან პარტნიორობის პერსპექტივები, ჩინეთის ბაზარზე არსებული შესაძლებლობები ქართველი ექსპორტიორებისთვის და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის ორმხრივი მზაობა – სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნაზე სიტყვის გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართული სივრცეც გახსნა. გამოფენაზე საქართველო 150 ქვეყანას შორის საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

40 ქართული კომპანია 3 პავილიონში იყო წარმოდგენილი. მოეწყო ქართული გასტრონომიის კუთხე. ადგილზე მისულ 200 000 ვიზიტორს შესაძლებლობა ჰქონდა, ეროვნულ კერძებთან ერთად, ქართული ღვინოც გაესინჯა.

სტუმრები კულინარიულ მასტერკლასებსაც დაესწრნენ. ქართველმა შეფ-მზარეულებმა მათ კერძების დამზადების ძირითადი წესები განუმარტეს.

გამოფენის ვიზიტორებს ქართული კულტურის, დამწერლობისა და ფოლკლორის გამორჩეული ნამუშევრების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა რომ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის წინაპირობაა, ამის შესახებ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც.

წელს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველომ უკვე მერვედ მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის დასასრულს, ირაკლი კობახიძემ ჩინურ ტელეარხთან ინტერვიუში "სარტყელი და გზის" ინიციატივაში მონაწილეობით მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები