"განდეგილი", "ოთარაანთ ქვრივი", "კაცია ადამიანი" - ილიას უკვდავი ნაწარმოებები, რომლებიც ცნობილმა მხატვრებმა გააცოცხლეს.
ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების ილუსტრირება 1914 წელს, მწერლის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ილუსტრაციები პოლონელმა მხატვარმა ჰენრიკ ჰრინევსკიმ შექმნა და სწორედ ის გახდა ილიას ტექსტის პირველი ვიზუალური მთხრობელი. სიმბოლურია, რომ ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში მოწყობილი გამოფენა, სწორედ პოლონელი ავტორის ილუსტრაციებით არის შთაგონებული.
ჰენრიკ ჰრინევსკის შემდეგ, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებზე ელენე ახვლედიანმა, უჩა ჯაფარიძემ, ვალერიან სიდამონ-ერისთავმა, ლადო გუდიაშვილმა და სხვა არაერთმა მხატვარმა იმუშავა. გამოფენისთვის რამდენიმე მუზეუმი გაერთიანდა. მათ საკუთარ ფონდებში დაცული და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ნამუშევრები წარმოადგინეს.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს მეოცე საუკუნის ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი, უნიკალური ილუსტრაციები იხილოს.
"ილიას სიტყვის სახე" - გამოფენა დღეს გაიხსნა და 28 თებერვლამდე გაგრძელდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.