15 აგვისტო 2026,   00:33
ვრცლად
არავის უთქვამს, რომ საქართველოში USAID-მა რა თანხაც დახარჯა, იყო ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო. ყველა მთავრობას ამა თუ იმ ქვეყანაში აქვს თავისი მოსაზრებები, როგორი ფორმით და მეთოდით დახარჯოს ფული საზღვარგარეთ - გია ბარამიძე

თბილისში პოლიტიკური შეფასების თემაა მარკო რუბიოსთვის გაგზავნილი სენატორების წერილი. 6 სენატორი შტატების ადმინისტრაციას მოუწოდებს, დაიცვას ამერიკის შეერთებული შტატების თანამდებობის ყოფილი პირები, რომლებიც ქართველი ოფიციალური პირების სამიზნეები, მათი თქმით, უსამართლოდ გახდნენ.

"ქართული ოცნება" სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან სიცრუესა და დეზინფორმაციაზე საუბრობს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ საქმე რეალურად არა USAID-ის საპენსიო, არამედ ენჯეოებისთვის ჩარიცხულ თანხებს ეხება.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ყველა მთავრობას, ნებისმიერ ადმინისტრაციას, ნებისმიერ ხელისუფლებას ამა თუ იმ ქვეყანაში აქვს თავისი მოსაზრებები, როგორი ფორმით და რა მეთოდით დახარჯოს თავისი ფული საზღვარგარეთ.

"არასდროს არავის არ უთქვამს, რომ საქართველოში USAID-მა რა თანხაც დახარჯა, ის იყო ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო. ყველა მთავრობას, ნებისმიერ ადმინისტრაციას, ნებისმიერ ხელისუფლებას ამა თუ იმ ქვეყანაში აქვს თავისი მოსაზრებები, როგორი ფორმით და რა მეთოდით დახარჯოს თავისი ფული საზღვარგარეთ, მათ შორის, დახმარებებზე. წინა ადმინისტრაციები თვლიდნენ, რომ ეს უნდა გააკეთონ USAID-ის სახით. ახლა, იგივე ფუნქცია გადაიბარა სახელმწიფო დეპარტამენტმა. უბრალოდ, შეიძლება სხვა პროგრამები იყოს, სხვანაირი ეფექტიანობით და სხვა აქცენტებით, რადგან ყველა მთავრობას აქვს თავ-თავისი პოლიტიკა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ არსებითად ემხრობა იმ მიმართვას, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიიღო.

"მე არსებითად ვიზიარებ იმ მიმართვას, რაც მიიღო სახელმწიფო მდივანმა რუბიომ. მე ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" არის ლუსტრირებული. ტრამპმა რა გააკეთა არის ტრამპის შიდა პოლიტიკური საქმე. ეგ ეხება ამერიკის შიდა პოლიტიკას, ამერიკის პრეზიდენტი როგორ გაანაწილებს საჯარო რესურსებს",- განაცხადა გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები