"მაშინ, როცა ატყდა ამბავი ამ თემაზე, თითქოს პროტესტის მთავარი მოტივატორი იყო ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო დროებით აჩერებს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ყველა მოლაპარაკებას", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა.
მიხეილ ყაველაშვილი ეხმაურება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილს, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა და სადაც ის ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღეს.
"თუ გახსოვთ მაშინ, როცა ატყდა ამ თემაზე ერთი ამბავი, თითქოს პროტესტის მთავარი მოტივატორი იყო, რომ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დროებით აჩერებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყველა მოლაპარაკებას. სინამდვილეში ჩვენ მზად ვიქნებით 2028 წლისთვის და აქედან გამომდინარე, ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისის თვეში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?! არ მოგისმინა, იმიტომ, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი პროცესი", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა მოუსმინოს ხელისუფლებას და ობიექტურად შეაფასოს მისი ქმედებები. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს არჩეული აქვს ევროკავშირისკენ გზა, რომელსაც მყარად მიუყვება და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ამას რეალობაში ხედავს.
"საზოგადოებამ უნდა მოუსმინოს ხელისუფლებას, რეალურად შეაფასოს, არავინ არ სთხოვს მათ გინდა თუ არა მომხრე იყავი ხელისუფლების, მაგრამ რეალობის აღქმა, სამართლიანობის განცდა, შენი სახელმწიფოს მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება უნდა გქონდეს და შეფასებაში იყო ობიექტური, რომ ვინ რა განცხადებას აკეთებს და ა.შ.
ჩვენ ეს გზა არჩეული გვაქვს, მყარად, წყნარად მივდივართ და რეალობაში ჩანს. ვისაც უნდა გაგება, ვისაც უნდა დანახვა, ამას ძალიან კარგად ხედავს და ამის მთავარი შემფასებელი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ძაან კარგად აღიქვამს და ხედავს ამ პრობლემებს, ამ გამოწვევებს და აქედან გამომდინარე შედეგიც ანალოგიურია. ერთადერთი რაზეც ჩვენ გული გვწყდება არის, რომ რიგი ადამიანებისა არიან დეზინფორმაციის და ორმაგი სტანდარტის მსხვერპლი და აგრძელებენ ამ მსხვერპლშეწირვას თავისდა საზიანოდ, მაგრამ საქართველო პარალელურ რეჟიმში აგრძელებს განვითარებას", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს გამოქვეყნდა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომლის ადრესატიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა. ევროკავშირის ელჩი ხაზგასმით, კონკრეტული ვადის მითითებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად.
ავტორი: ნანა გოგატაძე