The Washington Post-ი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პოკროვსკისთვის ბრძოლას ვრცელ სტატიას უძღვნის. გამოცემა წერს, რომ კიევის წინაშე რთული დილემა დგას: დიდი ადამიანური დანაკარგების ხარჯზე პოზიციების შენარჩუნება თუ ტაქტიკური უკუსვლა სამხედროების გადარჩენის მიზნით.
„უკან დახევა გადაარჩენს ჯარისკაცების სიცოცხლეს, მაგრამ რუსეთისთვის პროპაგანდისტული გამარჯვება იქნება და გააძლიერებს რუსეთის პრეზიდენტის პოზიციებს, რომელიც უკრაინისგან დონეცკის რეგიონის მთლიანად დათმობას ითხოვს“, - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემის ერთ-ერთი რესპონდენტი მიკოლა ბელისკოვი, რომელიც უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციას „ცოცხალი დაბრუნდი“ წარმოადგენს, მიიჩნევს, რომ პუტინი პოკროვსკის აღებას გამოიყენებს იმისთვის, რომ დაარწმუნოს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმაში, თითქოს უკრაინის დახმარება უშედეგოა, რუსეთის გამარჯვება კი გარდაუვალი.
ექსპერტები შეშფოთებულნი არიან, რომ პოკროვსკის დაცვა შეიძლება განმეორდეს ბახმუტისა და ავდიივკის სცენარი, სადაც უკრაინამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. უკრაინას, რომელსაც უკვე აწყდება პერსონალის დეფიციტი, ურჩევენ ჯარისკაცების შენარჩუნება ტერიტორიის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაზე მაღლა დააყენოს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კიევმა გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას აღნიშნა, რომ რუსული ძალების რიცხობრივი უპირატესობა უკრაინელებთან შედარებით 8:1-ზეა.
„რუსეთისთვის საკუთარი მასშტაბური დანაკარგების მონელება უფრო ადვილი იყო, რადგან ქვეყნის მოსახლეობის დიდი რაოდენობა ფრონტის ხაზისთვის ჯარისკაცების მოძიებას ბევრად აადვილებდა. უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა კი გააკრიტიკეს (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ) იმის გამო, რომ ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად უფრო ადრე არ დაიხიეს უკან“, - აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან, გამოცემაში აღნიშნავენ, რომ ტაქტიკური უკან დახევამ უკრაინულ ჯარს შესაძლოა დამატებით უპირატესობები მისცეს: ფრონტის ხაზის შემცირება, ლოგისტიკის გაუმჯობესება და უკეთეს თავდაცვით პოზიციებზე გამაგრება.
თუ პოკროვსკი დაეცემა, ეს ბახმუტის შემდეგ რუსეთის მიერ აღებული უდიდესი ქალაქი იქნება. თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არ იქნება ომის „გადამწყვეტი მომენტი“ და არ გამოიწვევს კოლაფსს. მთავარია, უკრაინამ შეინარჩუნოს ძალები და თავიდან აიცილოს ალყაში მოქცევა. საბოლოოდ, პოკროვსკი „უბრალოდ კიდევ ერთი სექტორია“, და ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსების შენარჩუნებაა.