15 აგვისტო 2026,   03:57
ვრცლად
რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ბოლო 9 თვის განმავლობაში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაცემები გამოაქვეყნა

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ბოლო 9 თვის განმავლობაში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაცემები გამოაქვეყნა. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა წელს 67,25 პროცენტს მიაღწია. შარშანდელთან შედარებით, ეს გაზრდილი მაჩვენებელია.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ნარკოდანაშაულის გამოვლენის და გახსნის მაჩვენებელი. საანგარიშო პერიოდში, ნარკოტიკების და ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო შეძენა-შენახვის, კულტივირების, მოხმარებისა და შემოტანის 7 199 შემთხვევა აღირიცხა. დანაშაულების 95 პროცენტი სამართალდამცველებმა გახსნეს.

ქურდობა, ყაჩაღობა, თაღლითობა და გამოძალვა - ბოლო ცხრა თვის განმავლობაში შემცირებულია ამ კატეგორიის დანაშაულებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოააშკარავა არაერთი დანაშაული, რომელიც ქურდულ სამყაროსთან არის დაკავშირებული. მთლიანობაში კი ძალოვანმა უწყებამ საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების 76.56% პროცენტი გამოავლინა.

2025 წლის ბოლო მონაცემით, 4,48%-ით არის შემცირებული ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები. შემცირებულია განზრახ მკვლელობის რაოდენობაც. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია სქესობრივი დანაშაულების რაოდენობაც. შარშან ეს მაჩვენებელი 121-ით მეტი იყო.

შემცირებულია ტრეფიკინგის, მათ შორის არასრულწლოვანთა ვაჭრობის ფაქტების რაოდენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, პირველ ცხრა თვეში, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტები.

სტატისტიკაში საუბარია კიბერდანაშაულის ფაქტებზეც, რაც, უწყების ინფორმაციით, 2025 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ასევე, შემცირებულია. რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში რამდენჯერმე, ძირითადად, ყოველ სამ თვეში ერთხელ აქვეყნებს.

 

ავტორი: სიმონ შანავა 

დღის ამბები