15 აგვისტო 2026,   00:35
ვრცლად
"მოქალაქეს დაჰპირდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის დარეგისტრირებას, რაშიც გამოართვა 16 000 აშშ დოლარი" - თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.გ. დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს დაპირდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას, რაშიც მოსთხოვა და გამოართვა 16 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით." - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები