18 აგვისტო 2026,   03:16
ვრცლად
"ძალიან ვაფასებთ UNESCO-ს სწრაფვას, მშვიდობისა და სახელმწიფოებს შორის თანაბარი პატივისცემის კუთხით" - მაკა ბოჭორიშვილი

უზბეკეთში UNESCO-ს გენერალურ, რიგით 43-ე კონფერენციაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაკა ბოჭორიშვილმა აქცენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე გააკეთა.

"კულტურა არის ის, რაც ჩვენ ერთმანეთისგან განგვასხვავებს, ასევე, ის, რაც ქმნის ჩვენს იდენტობას. საქართველო, არის ქვეყანა, რომელიც გზაგასაყარზე, ქმნიდა და იცავდა კულტურებს. აკავშირებდა ერთმანეთთან სხვადასხვა იდეებს. ჩვენ ვინახავთ ქვევრის ღვინისა და პოლიფონიური სიმღერის კულტურას, რაც UNESCO-ს მხრიდან არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული. ღრმად გვწამს, რომ კულტურული საგანძურის დაცვა მნიშვნელოვანია ყველასთვის. ჩვენ ასევე, ძალიან ვაფასებთ UNESCO-ს სწრაფვას, მშვიდობისა და სახელმწიფოებს შორის თანაბარი პატივისცემის კუთხით.

მშვიდობა არის საქართველოს მთავარი მიზანი, რადგან ჩვენ გვაქვს გააზრებული მისი მნიშვნელობა, ჩვენივე გამოცდილებიდან გამომდინარე. დღესაც, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ დამოუკიდებლად განათლების მიღებისა და საკუთარ ენაზე საუბრის უფლება. ეს რეალობა კი გვახსენებს ყველას, რამდენად მნიშვნელოვანია UNESCO-ს მისია - დაცული იყოს ერების კულტურა და განათლების უფლება, ყველგან, ყველა გარემოში.

კონფლიქტების მოგვარების პროცესში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიალოგი არის მთავარი გზა, ამას მოწმობს UNESCO-ს წესდებაც. დიალოგი არის მთავარი ალტერნატივა - გაერთიანებისა და მშვიდობის ჩამოყალიბების პროცესში. ისევე, როგორც მნიშვნელოვანია, საერთაშორისო წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვა," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დღესვე, მინისტრი გახსნის ქართულ კუთხეს. დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის - შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

 

 

 

დღის ამბები