საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დევიდ ო"სალივანის მადლობის წერილი ეკონომიკის მინისტრთან ერთად მიიღო, საქართველოს მორიგ აღიარებაზე საუბრობს. ევროკავშირის წარმომადგენელმა სანქციების აღსრულების საკითხებში გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საშუალება არასდროს გამხდარა. სალივანის თქმით, ქვეყანა აქტიურად უმკლავდება რეექსპორტის საფრთხეებსაც. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის აღიარება ოპოზიციისა და არასამთავრობოების მიერ წლების განმავლობაში წარმოებულ კამპანიას სრულად აბათილებს.
დევიდ ო"სალივანის წერილს ოპონენტების მხილებად აღიქვამს საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველო უკვე სამ წელზე მეტია, ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. ოპოზიცია კი, საერთაშორისო ასპარეზზე, ეროვნული ინტერესების დაზიანებით არის დაკავებული.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ენჯეოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიას რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის კორიდორად ასახელებდნენ. არქივი ასეთ არაერთ განცხადებას ინახავს.
ევროკავშირის აღიარების მიუხედავად, რიტორიკას ოპოზიციაში არც დღეს ცვლიან. ამბობენ, რომ საქართველოს მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მტკიცებულება მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის სომხეთთან და აზერბაიჯანთან, გაზრდილი სავაჭრო ბრუნვით დასტურდება.
ოპოზიციის განცხადებების მიღმა, ბრიუსელის გავლენას ხედავს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის სპიკერის თქმით, ერთი მხრივ, ოფიციალური ბრიუსელის აღიარება, მეორე მხრივ კი, საქართველოში დესტრუქციული ჯგუფების დაფინანსება, წინააღმდეგობაში მოდის. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო სანქციების აღსრულებას ხელს უწყობს, იმ ფონზე, როდესაც ამ კუთხით, ევროკავშირის წევრ ბალტიისპირა ქვეყნებთან დაკავშირებით დღემდე კითხვის ნიშნები არსებობს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. ამის გამო უკვე მეოთხე წელია, რაც ის ევროკავშირისა და ამერიკის სანქციების ქვეშაა.
ამ დროის განმავლობაში დევიდ ო"სალივანის მსგავსად, საქართველო როგორც სანქციების აღსრულების პროცესში სანდო პარტნიორი, შტატებისა და ბრიტანეთის უმაღლესმა წარმომადგენლებმაც აღიარეს.