"დიდი იმედი მაქვს, რომ შეცდომებს არ გაიმეორებენ, იმ შეცდომებს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ოპოზიციურმა რადიკალურმა "პარტიებმა განახორციელეს. მათ არ მიუღიათ მონაწილეობა არცერთი კანონპროექტის განხილვაში და არც კი მიუციათ ხმა იმ კანონპროექტებისთვის, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებიდან გამომდინარეობს," - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა, რითაც გიორგი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლას.
ბითაძემ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრებს საპარლამენტო საქმიანობაში სრული ჩართვისკენ მოუწოდა.
"იმედი მაქვს და გუშინაც მოვუწოდეთ მათ, რომ შეეშვან პოლიტიკურ კეკლუცობას, თუ ეს უნდოდათ, მაშინ დარჩენილიყვნენ გარეთ და გაეგრძელებინათ ეს პოლიტიკური მანიპულაციები. თუ პარლამენტში შემოვიდნენ, კეთილი ინებონ და ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში. ცოტა დაძაბონ გონება, გაერკვნენ, რა არის საპარლამენტო მუშაობა, როგორ მიმდინარეობს კანონპროექტების შემუშავება და როგორ მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც მოუწევთ მონაწილეობის მიღება," - აღნიშნა მაია ბითაძემ.