ორმაგ სტანდარტად თბილისში ევროკავშირის ელჩის იმ განცხადებას თვლიან, რომლის თანახმადაც, ამერიკული FARA-ს ანალოგი საქართველოში მიუღებელია. კანონმდებლები ფიქრობენ, რომ ჰერჩინსკის პოზიცია იმ ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რომელსაც ბრიუსელი თბილისის მიმართ წლების განმავლობაში იყენებს.
ევროკავშირის ელჩმა "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტზე" ქუთაისში ისაუბრა. კანონზე, რომელიც ამერიკული FARA-ს ასლია, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ის ევროკავშირის პრინციპებთან შეუსაბამოა. ევროპელი დიპლომატის თქმით, ამ კანონებით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
განცხადებას მალევე მოჰყვა პასუხი მთავარი კანონმდებლისგან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს მიღებული კანონების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა.
პაველ ჰერჩინსკის განცხადებას იზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კანონები, ევროპელი ბიუროკრატების მსგავსად, მათთვისაც მიუღებელია.
სანამ ევროკავშირის ელჩი და მისი თანამოაზრეები საქართველოში "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" წინააღმდეგ გამოდიან, ამერიკის შეერთებულ შტატებში FARA-ს გამკაცრებაზე მუშაობენ - ორპარტიული კანონი უკვე ინიცირებულია სენატში. ამ ფონზე მმართველი გუნდი კიდევ უფრო ცინიკურად მიიჩნევს ბრიუსელის კრიტიკას, რაც მათთვის მიკერძოებული მიდგომაა.
ამერიკელი კანონმდებლების ინიციატივა მმართველი გუნდისთვის დასტურია, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე სულ უფრო ძლიერდება გარე აქტორების მხრიდან სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები. თბილისში აცხადებენ, რომ გამონაკლისი არც საქართველოა, საფრთხეებს კი, ქვეყნის ხელისუფლება, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონით და ამერიკული FARA-ს ანალოგით გათვალისწინებული ღონისძიებებით უპირისპირდება.
ავტორი: ლუკა ჩანგელია