ჭავჭავაძის 64-დან, გლდანის ნომერ 8-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, წერილი, მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის სახელზე 29 სექტემბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 დღით ადრე გაიგზავნა. ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ოფისმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის გასამართლებულ ცეცხლაძეს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. დიპლომატიური სამსახური, აქტივისტის დაფუძნებული ორგანიზაციის "დაფიონის" მიერ გავრცელებული წერილით, აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას
ითხოვს.
ევროკავშირის საელჩოს, ექსტრემიზმის დაფინანსებასა და მის წახალისებაში ადანაშაულებს "ქართული ოცნება." სახელისუფლებო გუნდმა დღეს ევროპელ ბიუროკრატებს შეახსენა, რომ სწორედ ცეცხლაძე გეგმავდა ქვეყანაში მაიდნის სცენარის გამეორებას, აორგანიზებდა ძალადობრივ აქციებს, თავდასხმებს სამართალდამცველებზე და შტურმს საკანონმდებლო ორგანოზე.
ზვიად ცეცხლაძის მაიდნის სცენარი ბარიკადების აღმართვას, სამართალდამცველებზე თავდასხმას და ქვებით იერიშებს ითვალისწინებდა. ვიდეო ინსტრუქცია აქტივისტმა დაკავებამდე 5 დღით ადრე გასცა და აქციის მონაწილეებს მიუთითა, რომ დაემზადებინათ ფარები, წყობიდან გამოეყვანათ ვიდეო კამერები, აქციაზე წაეღოთ ლურსმნები, დიდი ზომის პიროტექნიკა და ქვები- ის რაც თავდასხმისთვის ყველაზე ეფექტური იქნებოდა.
ცეცხლაძის სცენარს კარგად იცნობენ ოპოზიციაში, თუმცა დღეს უკვე აღარ სურთ საუბარი მის როლზე, ნოემბერ-დეკემბრის ძალადობრივ მოვლენებში.
ხელისუფლება კი ევროკავშირის ელჩის ოფისის ქმედებას, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად მიიჩნევს და ამბობს, რომ რევოლუციური გეგმების მხარდაჭერით ევროპული ბიუროკრატია, ევროკავშირის ინტერესებს აზიანებს.
ზვიად ცეცხლაძე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს. საქმის მასალების თანახმად, სამართალდამცველებმა ცეცხლაძის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს გამოსაყენებლად გამზადებული ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავებიანი კვერცხები, აირწინაღები, საწვიმრები და პირბადეები. ნოემბერ-დეკემბრისა და აპრილი-მაისის აქციების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორს, სასამართლომ სასჯელი, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების მუხლით განუსაზღვრა და 2 წელი და 6 თვე მიუსაჯა.