საქართველოს ბრიტანეთიდან სომელიეების, ღვინის იმპორტიორების და მედიის წარმომადგენლების 12 კაციანი ჯგუფი ესტუმრა.
ბრიტანელმა სტუმრებმა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები და მარნები, ქართლში, იმერეთსა და რაჭაში მოინახულეს.
ასევე მათთვის თბილისში გაიმართა სპეციალური დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, აღნიშნული ჯგუფის საქართველოში ვიზიტი პოტენციურ კონტრაქტებსა და ექსპორტის ზრდას ნიშნავს.
"ღვინის ეროვნული სააგენტო მასპინძლობს ჯგუფს დიდი ბრიტანეთიდან. ეს გახლავთ ჩვენი კონტრაქტორის, ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის მიერ ორგანიზებული ჯგუფი, სადაც შედიან ძალიან ცნობილი სომელიეები, ღვინის მწერლები, ასევე ბაიერები, რომლებიც ადგილზე ეცნობიან ქართული ვინის კულტურას. ადგილზე აგემოვნებენ ღვინოებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნიშნავს, პოტენციურ კონტრაქტებს, ექსპორტის ზრდას ამ ქვეყნის მიმართულებით", - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის განცხადებით, ფანტასტიკურია ის პროფესიონალიზმი და თავდადება, რომელიც დასავლეთ საქართველოს მეღვინეობებში იკვეთება.
"დასავლეთ საქართველოს ღვინოები გამორჩეულია სიმსუბუქით, რაც ძალიან პოზიტიურია, მათ აქვთ ბევრი არომატი და ჰარმონიულად ეწყობა აღმოსავლეთის უფრო მრავალფეროვან ღვინოებს. ფანტასტიკურია ის პროფესიონალიზმი და თავდადება, რომელიც ნამდვილად იკვეთება დასავლეთ საქართველოს მეღვინეობებში. ჩვენ ვნახავთ, რომ საქართველო იქნება ძალიან ძლიერ პოზიციაზე, ეს ღვინოები სრულყოფილებაა", - განაცხადა სარა ებოტმა.